ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 25 ივლისი

არჩევნები გამარჯვებულის გარეშე   

23 ივლისს, ესპანეთში საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა, რომელშიც 32.7%-ით პირველ ადგილზე მემარჯვენე სახალხო პარტია გავიდა, მაგრამ ეს ჯერ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მემარჯვენეები პედრო სანჩესის მემარცხენე მთავრობის ჩანაცვლებას მოახერხებენ. ნიშანდობლივია, რომ ულტრა-მემარჯვენე “Vox”-მა, რომელიც სახალხო პარტიის კოალიციურ პარტნიორად მოიაზრებოდა მოსალოდნელზე დაბალი შედეგი მიიღო და 12.4%-ს დასჯერდა. ეს კი ნიშნავს, რომ ესპანეთის პარლამენტში 176 ხმიანი უმრავლესობის მოსაპოვებლად, მემარჯვენე და ულტრა-მემარჯვენე ძალებს მხოლოდ 7 ადგილი დააკლდათ. მოქმედი პრემიერის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია მეორე ადგილზე გავიდა და ამომრჩეველთა ხმების 31.9% მიიღო, უფრო მემარცხენე გუნება-განწყობის პოლიტიკურმა ბლოკმა “Sumar”-მა კი – 12.3% დააგროვა, რაც კოალიციური უმრავლესობის შესაკრავად ასევე არ კმარა. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც 2019 წელს, პედრო სანჩესს კოალიციური უმრავლესობის ფორმირების საქმეში ბასკი ნაციონალისტებისა და კატალონიელი მემარცხენე რესპუბლიკელების მხარდაჭერის იმედი აქვს. ზაფხულის ბოლომდე, პედრო სანჩესი პრემიერის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, თუმცა თუ ახალარჩეული პარლამენტი კოალიციურ უმრავლესობის კონტურებზე ვერ შეთანხმდა ესპანეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.


ელადა ცეცხლში

ტყის ხანძრები მძვინვარებს საბერძნეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო 40°C -საც გვარიანად გადაცდა და ზოგიერთ ადგილას 46°C-ს მიაღწია. ხანძრებმა ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად აზარალა, ათი ათასობით დამსვენებელს დასვენება ჩაუმწარა და საბერძნეთის არაერთ რაიონში ტურისტული სეზონი მთლიანად ჩაშალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ევროპელ ტურისტებში სახელმოხვეჭილ ისეთ ბერძნულ კუნძულებზე, როგორიცაა – როდოსი და კორფუ. მაგალითად, ბერძენმა მეხანძრე-მაშველებმა კონძულ როდოსიდან 20 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, ასევე ათასობით ადამიანს მოუწია კუნძული კორფუს დატოვება. ბერძენ მეხანძრეებს ხანძრებთან გამკლავებაში ევროკავშირის მეხანძრეები და სპეციალური თვითმფრინავებიც ეხმარებიან. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ევროპული ქვეყნების საელჩოები, რომლებიც საცურაო კოსტუმის ამარა დარჩენილ საკუთარ მოქალაქეებს დროებით დაბინავებასა და ქვეყნის დატოვებაში ეხმარებიან.


ცეცხლმოდებული შვედური ინტერესები

როგორც მოსალოდნელი იყო, მუსლიმურ ქვეყნებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ყურანის საჯარო და სასამართლოსგან ნებადართულ დაწვას სტოკჰოლმში. ძლიერი ანტიშვედური გამოსვლების ტალღა აგორდა ერაყში, ლიბანსა და ირანში, სადაც მორწმუნეებმა შვედეთის ხელისუფლების უმოქმედობა დაგმეს, ოფიციალური სტოკჰოლმი მუსლიმების რელიგიური გრძნობების შებღალვაში დაადანაშაულეს და შვედური დროშებიც დაწვეს. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საწინააღმდეგო დემონსტრაცია შვედეთის საელჩოზე თავდასხმაში გადაიზარდა, რამაც საელჩოს შენობა გვარიანად დააზიანა. ერაყმა საელჩოზე თავდასხმა არ იკმარა და შვედეთის ელჩი ქვეყნიდან გააძევა. უსაფრთხოების მოსაზრებებით, ერაყი ასევე დატოვეს და დროებით სტოკჰოლმში დაბრუნდნენ შვედეთის საელჩოს სხვა დიპლომატებიც. მოკლედ, გამოხატვის ასეთი თავისუფლება შვედეთის ტრადიციულად გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას ძალზე ძვირი დაუჯდა და მთელ რიგ მუსლიმურ ქვეყნებში მისი პოზიციები საფუძვლიანად შეარყია. შეგახსენებთ, რომ შარშან ყურანის დაწვის შემთხვევებში მედიამ რუსეთის მიერ დაფინანსებული შვედი ულტრამემარჯვენეების კვალს მიაკვლია.


რუსული შურისძიება

რუსეთს მისჭირდა უკრაინის ფრონტზე, 17 ივლისს უკრაინული უეკიპაჟო საზღვაო კატერების მიერ ყირიმის ხიდის დაზიანებამ ყირიმის დაკარგვის აჩრდილი კრემლში კვლავ გამოაღვიძა და ბრმა შურისძიებას მიჰყვეს ხელი. პირველ სამიზნედ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და, შესაბამისად მისი პორტები იქცა. უკანასკნელი ხუთი-ექვსი ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები ყველა სახის რაკეტით ბომბავენ ოდესას და მის საპორტო ინფრასტრუქტურას. საგრძნობლად დაზიანდა იუნესკოს მიერ დაცული ქალაქის ცენტრიც. ორიოდე დღის წინ, სარაკეტო იერიშმა გვარიანად დააზიანა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იმუქრება – უკრაინისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო სამიზნედ ჩავთვლითო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა თქვეს, არც რუსული სამხედრო გემები უნდა გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდო. ზოგიერთი ცნობით, გუშინ, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმით, სევასტოპოლთან უკრაინელებმა რუსეთის ყველაზე მრისხანე რაკეტების, “ონიქსის” პარტია გაანადგურეს.


ჩემი შენ გითხარიო გული მოგიკალიო

ბელარუსში „ვაგნერელების“ დაბანაკებით შეშფოთებულმა პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს დამატებითი სამხედრო ბრიგადები გადაისროლა, რაც ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკას შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. პუტინმა ოფიციალური ვარშავა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ტერიტორიულ ამბიციებში დაადანაშაულა და იქვე დაამატა – მეზობელ ბელარუსზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს ყველა საშუალებით დავიცავთო. რუსულ მუქარას შედარებით ფრთხილად, მაგრამ შეწყობილად აჰყვა ალექსანდრე ლუკაშენკაც –  ბელარუსში ჩამოსულ „ვაგნერელებს“ პოლონეთისკენ მიუწევთ გული და ძლივს ვაკავებო, დაიჩივლა. რუსეთისგან ბევრჯერ გვემული პოლონეთი ამჯერად საკუთარ ძალებში დარწმუნებული ჩანს და რუსულ საფრთხეებს უფრო საქმით პასუხობს, ვიდრე როყიო სიტყვების რახა-რუხით.


შევარდნების ასაფრენი

ორიოდე კვირაში, უკრაინელი პილოტები ამერიკული წარმოების F-16 Falcon-ებზე ფრენაში დაიწყებენ მომზადებას. ამისთვის რუმინეთში თურმე უკვე გამზადებული ყოფილა უკრაინელი პილოტების სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი. როგორც ამერიკელები და სხვა ნატო-ელი მოკავშირეები ვარაუდობენ, წლის ბოლოსთვის უკრაინელი პილოტები უკვე მზად იქნებიან რუსეთის საწინააღმდეგო საბრძოლო მისიების შესასრულებლად. F-16-ებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადების საქმე მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ვაშინგტონმა ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებსა და უკრაინას მწვანე შუქი აუნთო. მართალია უკრაინელი პილოტების მომზადებასა და კიივისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე გამალებული საუბრები უკვე რამდენიმე თვეა მიდის, ეს არცთუ იოლად თავმოსაბმელი საქმე უკრაინის გაჭიანურებულმა კონტრშეტევამ და ოდესაზე შეტევებმაც დააჩქარა. უკრაინა თავის ერთგულ პარტნიორებს რა ხანია ეუბნება, საუმედო საჰაერო ფარის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების მიღწევა რთული იქნებაო.

მსგავსი/Related

Back to top button