ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 16 მაისი

ბატონი ავად გამხდარა?

ბოლო დღეებში ხმები დადის, რომ ბელარუსის თავკაცი, ალექსანდრე ლუკაშენკა დასნეულებულია და თავს შეუძლოდ გრძნობს.  ამ ხმებს რამდენიმე გარემოებაც ამყარებს – 9 მაისს, მოსკოვში აღლუმზე ჩასულ ლუკაშენკას ხელი შეხვეული ჰქონდა, შეღონებულად გამოიყურებოდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავთანაც ის ელექტრომობილით მიიყვანეს, ღონისძიებაზე არავის გაუგია მისი ომახიანი ხმაც, არადა ტრადიციულად, ის სწორედ უცნობის ჯარისკაცის საფლავთან წარმოსთქვამდა ხოლმე თავის სადღესასწაულო სიტყვას. ლუკაშენკასთვის პუტინის მასპინძლობით გამართულ სადილზეც არავის მოუკრავს თვალი. 9 მაისის შემდეგ, ლუკაშენკა მთელი ექვსი დღით გაქრა, გამოტოვა რამდენიმე ოფიციალური ღონისძიება, მათ შორის – ბელარუსის დროშის, გერბისა და ჰიმნის დღეც. ბელარუსის თავკაცი ტელეეკრანებზე მხოლოდ 15 მაისის საღამოს გამოჩნდა, მას ეხლა უკვე მეორე ხელი ჰქონდა შეხვეული და სამხედროებისთვის ბრძნული მითითების მიცემემისას ქოშინდებდა, თუმცა ბრიანსკში ოთხი რუსული საჰაერო საშუალების ჩამოვარდნის გამო, ბელარუსის ჯარის მომატებულ მზადყოფნაზე გადაყვანა მაინც მოასწრო და კადრიდან გაუჩინარდა.


სასულთნო სკიპტრა

თურქეთში დაძაბულმა საპრეზიდენტო  და საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 50%-ზე სულ მცირედით ნაკლები ხმები დააგროვა და პირველ ტურში სასულთნო სკიპტრა ხელიდან გაუსხლტა. ერდოღანთან ერთად, 45%-იანი მხარდაჭერით მეორე ტურში დამაჯერებლად გავიდა ოპოზიციური კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  28 მაისს გაიმართება. მეორე ტურს გამოეთიშა მესამე კანდიდატი, ნაციონალისტი და ისლამისტი, სინან ოგანი, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ხმების 5% დააგროვა. ოგანს ჯერ არ უთქვამს თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, არადა მის ხმებს ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, აქ ერდოღანის სამრთლიანობისა და განვითარების პარტიამ აღებული 35.%-ით პირველი ადგილი მოიპოვა და ქილიჩდაროღლუს რესპუბლიკური პარტია 10%-ით უკან ჩამოიტოვა. მიუხედავად ამისა, თურქეთის ნაკლებად მნიშვნელოვან პარლამენტში, სადაც რაღაცეები ჯერ კიდევ გასარკვევია, ერდოღანს ალბათ საკმაოდ მყიფე უმრავლესობა ექნება.


ფრანგული გულუხვობა

ბარაქიანი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთში ვიზიტი. პარიზში ღიად ითქვა, რომ საფრანგეთი უკრაინას სამხედრო პილოტების მომზადებაში დაეხმარება. ამასთან, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ათეულობით მსუბუქ ტანქთან და ჯავშანმანქანასთან ერთად, Storm Shadow-ის ფრანგული ანალოგის – SCALP-EG-ის მაღალი წვდომის რაკეტების გადაცემას დაპირდა და იქვე თურმე პირობა ჩამოართვა, რომ ამ რაკეტებს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად არ გამოიყენებს. პილოტების მომზადების პარალელურად, იმედია მალე თვითმფრინავების ამბავიც გაირკვევა.


მასპინძლობა ჩეკერსში

საფრანგეთის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში შეიარა, სადაც მისი უდიდებულეობის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მას ბუკინგემშირის ქალაგარე რეზიდენციაში – ჩეკერსში უმასპინძლა. სწორედ ამ ჩეკერსის რეზიდენციიდან გადასცემდა უინსტონ ჩერჩილი თავის ომის დროინდელ შემაგულიანებელ მიმართვებს. აქ, გაირკვა, რომ რაკეტების გარდა, დიდი ბრიტანეთი კიივს მაღალი წვდომის ასეულობით კამიკაძე დრონებითაც დაეხმარება, რომელთა მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრია, რაც ჰაიმარსის რაკეტების წვდომას ორჯერ აღემატება. სუნაკი და ზელენსკი ასევე შეთანხმდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იმუშავებენ „სამხედრო თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნაზე, რამაც უკრაინისთვის დასავლური წარმოების სამხედრო-საჰაერო ხომალდების მიწოდება უნდა უზრუნველყოს.


მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, პრიგოჟინს კი – მოსკოვის

ბახმუტში გვამების კომპანიას შეჩვეული ვაგნერის თავკაცი უკვე რა ხანია მოსკოვის სამხედრო ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, ბოლო პერიოდში მას კრიტიკა ლანძღვა-გინებასა და ღია მუქარაშიც გადაეზარდა, რაც შეუმჩნეველი არც მოსკოვს დარჩა. ორიოდე დღის წინ, რუსეთის დუმის კომუნისტმა წევრმა და ყოფილმა გენერალმა, ვიქტორ სობოლევმა პრიგოჟინი ამოითვალწუნა, მის კერძო სამხედრო კომპანიას გაუგებრობა უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა. მართალია სობოლევი დიდ პოლიტიკაში ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ პრიგოჟინსა და მოსკოვს შორის მზარდად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მისი განცხადება ნამდვილად საგულისხმო იყო. პრიგოჟინმაც არ დააყოვნა, რამდენიმე ჯერ კიდევ ცოცხალ ვაგნერელ ბოევიკს თავი მოუყარა და რუსეთის დუმის წევრსა და ყოფილ გენერალს ვიდეო მიმართვით შეუთვალა – “შე გამოპრუტუნებულო ბებერო, ეს ომი რომ წავაგოთ მოსკოვში ჩამოვალთ და ზედ წითელ მოედანზე გაგაუპატიორებთო”. გასაგებია, რომ  პრიგოჟინი თავის მუქარაში მხოლოდ პატივცემულ სობოლევს არ მოიაზრებდა. მოკლედ, გვამების არმიად ქცეული ვაგნერის სარდალი აღარ ხუმრობს, მოსკოვს კი, იუმორის გრძნობა არც პრიგოჟინამდე ჰქონდა.  

მსგავსი/Related

Back to top button