ახალი ამბები

პატარკაციშვილის ოჯახმა ინგლისის სასამართლოში კომპენსაციის თაობაზე დავა მოიგო 

ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 მარტის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნესპარტნიორებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ. სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის გამარჯვებას უდრის.

საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მართვას. 2018 წელს, ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ, რომელიც კომპანიის Salford Capital Partners International (SCPI) დირექტორი იყო, „დაარღვია თავისი ფიდუციარული ვალდებულებები, იმოქმედა რა კომპანიის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ შეთქმულების გზით აქტივებზე კონტროლი მოიპოვა“. Salford-ის ამოცანას პატარკაციშვილის ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. სასამართლოს წინაშე ჩვენებები მისცეს სხვადასხვა პირებმა, მათ შორის, პატარკაციშვილის ქვრივმა, ასევე მოსარჩელეთა და მოპასუხეთა წარმომადგენლებმა.

სასამართლო განხილვების მეორე ფაზის შემდეგ, მოსამართლემ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა მოსარჩელეებს SCPI-დან მიღებული შემოსავლები უნდა გადაუხადონ პროცენტის ჩათვლით. 2022 წლის 25 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ რამდენიმე საკითხი გადაწყვიტა, მათ შორის, მოგების გაანგარიშებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოპასუხეებს სამართლიანი კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ იმ მოგების 25%-ის ოდენობით, რომელიც მათ ბიზნეს შესაძლებლობიდან მიიღეს. პატარკაციშვილის ოჯახმა გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რა დროსაც ამტკიცებდა, რომ რუხაძემ არ დაასაბუთა მომსახურების საბაზრო ღირებულება და რომ მოსამართლის დასკვნას საფუძვლად დაედო შეუსაბამო ფაქტორები, როგორიცაა მოლოდინები.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ასევე არ დაეთანხმა რუხაძე და ის ორი მიზეზით გაასაჩივრა. პირველი ეხებოდა შეთანხმებას მოგების გაყოფის თაობაზე, რომელიც რუხაძის თქმით, 50/50-ზე იყოფოდა და გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საბუღალტრო აღრიცხვაში, ხოლო მეორე ეხებოდა საქმის გაჭიანურებას, რაც, რუხაძის აზრით, შეამცირებდა მის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობას.

სასამართლო არ დაეთანხმა რუხაძის არგუმენტებს. მან დაადგინა, რომ არ არსებობდა სავალდებულო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს მოგების 50% მიეღოთ და რომ მათთვის ყველაფრის მიცემა, რასაც ისინი გამოიმუშავებდნენ საკუთარი მოვალეობების დარღვევის გარეშე, სასამართლოს შეკავების პრინციპის წინააღმდეგი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ძალაში დატოვა თავდაპირველი გადაწყვეტილება რუხაძისთვის 25%-იანი კომპენსაციის მინიჭების შესახებ.

ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ქართულ პოლიტიკაში 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც „ვარდების რევოლუციას“ ფინანსურად მხარი დაუჭირა, თუმცა 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას ჩამოშორდა. 2007 წელს მისი დაფინანსებით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო აქციები იმართებოდა, რომელთაც მის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „იმედი“ ფართოდ აშუქებდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დარბევის შემდეგ, მას გადატრიალების მცდელობაში დასდეს ბრალი და აქტივები, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედი“ დაუყადაღეს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პატარკაციშვილი სააკაშვილის კონკურენტი იყო, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ საპრეზიდენტო მარათონი დატოვა. მიუხედავად ამისა, იგი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებოდა და ხმების 7.1% მიიღო. პატარკაციშვილის ადვოკატების თქმით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ძველი და ახალი ქონება

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოჯახმა, რომელმაც არ იცოდა თუ რა ქონებას ფლობდა ბიზნესმენი და როგორ დაებრუნებინა ის, გადაწყვიტა, რომ მემკვიდრეობის აქტივების დადგენაში, დაცვასა და დაბრუნებაში („მომსახურება დაბრუნების თაობაზე“) დახმარება სჭირდებოდა. პირველ წლებში, დაბრუნების საქმეში რუხაძე, ალექსეევი და მარსონი მონაწილეობდნენ ოჯახთან ერთად, თუმცა მოგვიანებით მათ ჩამოშორდნენ. 2008 წელს, ოჯახმა SCPI-თან არასავალდებულო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც დაბრუნების თაობაზე მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა.

2009 წელს, ირაკლი რუხაძემ კომპანია Hunnewell დააფუძნა და კომპანია Revoker-ის აქციების მის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა, თუმცა SCPI არ დაეთანხმა. რუხაძე შეეცადა, რომ პატარკაციშვილის ოჯახი SCPI-ის წინააღმდეგ განეწყო და კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც უზრუნველყოფდა ოჯახის მიერ 500 მლნ დოლარის ოდენობის თანხის მიღებას. Hunnewell-ი დაბრუნებული თანხის 15%-ს მიიღებდა. SCPI-მ დაკარგა ოჯახისთვის დაბრუნების მომსახურების გაწევის შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები. ამჟამად, Hunnewell-ი პატარკაციშვილის ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივებს განაგებს. წარმოიშვა დავა დაბრუნების მომსახურების გაწევის უფლების თაობაზე.

ამჟამად, რუხაძე ფლობს და განაგებს მრავალმილიონიან პროექტებს და აქტივებს საქართველოში. მათ შორისაა: მესამე უმსხვილესი ბანკი „ლიბერთი“, ასევე უმსხვილესი მეტალურგიული ქარხანა „რუსთავის ფოლადი“. იგი ასევე ფლობს მცირე წილს ცემენტის ქარხანაში „ჰეიდელბერგ საქართველო“, ასევე მედიაჰოლდინგს, რომელიც „იმედისა“ და „GDS“-ის მფლობელია. ირაკლი რუხაძე პირადად ფლობს წილს უმსხვილეს საკომუნიკაციო კომპანიაში „მაგთი ტელეკომი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button