ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 23 მარტი

პატარა ლიეტუვა დიდია

ლიეტუვას პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც რუსებსა და ბელარუსებს დროებით აღარ შეეძლებათ ლიეტუვას მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენა და ლიეტუვას ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენა. კანონპროექტის თანახმად, ლიეტუვა დროებით აღარ მიიღებს მოქალაქეობის შესახებ განაცხადებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან, ასევე შეჩერდება საქმისწარმოება უკვე მიღებულ განაცხადებზე. ამასთან, ლიეტუვას შესაბამისი სამსახურები აღარ მიიღებენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების სავიზო და ბინადრობის მოწმობის განაცხადებს. ამ საკმაოდ მსუსხავ ზომებს ისიც ემატება, რომ კანონპროექტი რუსეთისა და ბელარუსის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს დროებით აუკრძალავს უძრავი ქონების შეძენას ლიეტუვას ტერიტორიაზე. კანონპროექტის ავტორები არიან ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი.



ენა, მოლდოვა, ევროპა

მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ყველა საკანონმდებლო აქტში სახელმწიფო ენად მოლდოვურის ნაცვლად, განისაზღვრა რუმინული ენა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე, კომუნისტებისა და საციალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კანონს მხარი დაუჭირა მოლდოვას პარლამენტმაც. ჯერ კიდევ 2013 წელს მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სახელმწიფო ენად მოლდოვურის ნაცვლად, რუმინულის დასახელება. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ მოლდოველები რეალურად რუმინულ (ტრანსილვანიურ) ენაზე საუბრობენ. ე.წ. მოლდოვური ენის ხელოვნური შექმნა/წახალისება საბჭოთა პერიოდში მოხდა, როდესაც რუსული სიტყვების დანერგვით, მოსკოვი ცდილობდა მოლდოველებისთვის შეექმნა ილუზია, რომ მათ საკუთარი, რუმინულისგან განსხვავებული ენა ჰქონდათ.

არქტიკული ჩხვლეტა

შორეულმა ისლანდიამ, რომელსაც არც მუდმუვმოქმედი ჯარი ჰყავს და არც უკრაინისთვის საინტერესო შეიარაღება გააჩნია, კიევის მხარდაჭერა სხვაგვარად გადაწყვიტა და უკრაინელი ხალხის ჰოლოდომორი აღიარა. „1932-1933 წლების უკრაინელი ხალხის ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობა, რომელიც მოსკოვის ტოტალიტარულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ალტინგმა (ისლანდიის პარლამენტი) გენოციდად გამოაცხადა“ – დატვიტა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მილიონობით უკრაინელის ხსოვნის პატივისცემისთვის ისლანდიას მადლიერება შეუთვალა. შედარებით ხელმომჭირნე, მაგრამ პრინციპული ისლანდიელები რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის სანქციებსაც შეუერთდნენ, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეც ჩაუკეტეს, უკრაინელებს ზამთრის სამხედრო აღჭურვილობაც გაუგზავნეს და გამნაღმველების მომზადებაშიც ხელი გაუმართეს. 

ზელენსკი წინა ხაზზე

მართალია „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტის 70%-ს აკონტროლებს, თუმცა მის მიერ „კონტროლირებად“ ბახმუტში ორიოდე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა და უკრაინელი ჯარისკაცები გაამხნევა. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებისგან ბახმუტის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშები მოისმინა და მებრძოლებიც დააჯილდოვა. უკვე მეშვიდე თვეა, რაც ბახმუტი უკრაინული ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია და ამ პატარა ქალაქისთვის მძიმე ბრძოლები დღემდე მიმდინარეობს. ბახმუტის შტურმში ძირითადად მონაწილეობენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. ამასობაში, უკრაინაში უკვე ჩააღწია ოთხმა სლოვაკურმა მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებელმა.

ევროპის ჭიანი კბილი

ურჩი და თავკერძა უნგრეთი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად, ბუდაპეშტში ჩასვლის შემთხვევაში, უნგრეთის ხელისუფლება ვლადიმირ პუტინს არ დააკავებს. ეს პოზიცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანცელარიის უფროსმა, გერგეი გუიაშმა გაახმოვანა და დაამატა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას არ გააჩნია რუსეთის პრეზიდენტის დაკავების კანონიერი საფუძველი. ამასთან, უნგრეთის პრემიერის კანცელარიის უფროსმა რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი) მნიშვნელობაც დააკნინა და თქვა, რომ ეს სტატუტი არ არის ინტეგრირებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში. არადა, უნგრეთი არის რომის სტატუტის ხელშემკვრელი სახელმწიფო და ამ სტატუტის დებულებების შესრულებას ცალკე კანონმდებლობა სულაც არ ჭირდება. არ არის გამორიცხული, ამით ისარგებლოს კრემლის იზოლირებულმა და აწ უკვე ძებნილმა თავკაცმა და საერთშორისო მართლწესრიგის დასაკნინებლად, სწორედ ბუდაპეშტს ეწვიოს.

მსგავსი/Related

Back to top button