ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 21 მარტი

ბალკანური იარების მოშუშება

ევროკავშირის შუამავლობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში სერბეთმა და კოსოვომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ამბავი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თავად დაადასტურა. შეთანხმების თანახმად, მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფო სიმბოლოებს, თანხმდებიან, რომ ერთი მხარე ვერ წარმოადგენს მეორეს საერთაშორისო ურთიერთობებში, ხოლო ბელგრადი ხელს არ შეუშლის კოსოვოს წევრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამასთან, კოსოვო დათანხმდა ჩრდილოეთ ნაწილში სერბული თვითმმართველობის აღიარებას. დოკუმენტში ასევე პირველადაა ნახსენები კოსოვოს ევროკავშირში წევრობის თემა. წესით, ამ შეთანხმებამ ბელგრადსაც და პრიშტინასაც ბრიუსელისკენ მიმავალი გზა უნდა მოუსუფთაოს.



დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს

გასულ უქმეებზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას დაუპატიჟებლად ესტუმრა. ის ჯერ ყირიმში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი, საკუთარი ხელით მიწასთან გასწორებულ მარიუპოლში შეიარა და თავისივე დანგრეულ ქალაქს თვალი შეავლო. ომის დაწყების შემდეგ, ეს ვლადიმირ პუტინის პირველი “სტუმრობა” იყო უკრაინაში. ქალაქ მარიუპოლში პუტინმა რამდენიმე საჩვენებლად აღდგენილი ნაგებობა მოინახულა და გზად სპეციალურად მისი ვიზიტისთვის გამოყოფილ მოსახლეობას შეხვდა. კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გაისმის ხმები – “ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს საჩვენებლადაა.”

მილიონი ჭურვი 26 ქვეყანამ გაიყოო

სანამ ვლადიმირ ვლადიმერის ძე თავისივე დანგრეულ ქალაქს ათვალიერებდა ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს ღირებულების ტყვიაწამლის ერთობლივ მიწოდებაზე შეთანხმდნენ. საქმე უპირველეს ყოვლისა საარტილერიო ჭურვებს შეეხება. უკრაინისთვის საჭირო ერთი მილიარდის ამუნიციას, რაც მილიონამდე საარტილერიო ჭურვს გაწვდება, ევროკავშირის ქვეყნები საკუთარ არსენალებში მოიძიებენ, კიდევ ერთი მილიარდისას კი ერთობლივად შეუკვეთავენ მწარმოებლებს. ევროკავშირის ამ ერთობ უპრეცედენტო სამხედრო-პოლიტიკურ ძალისხმევას თავი პატარა და მარიფათიანმა ესტონეთმა დაადგა. ამ საერთო ევროპული გარიგებისგან თავი შორს დაიჭირა ორბანის უნგრეთმა, რომელმაც უკრაინისთვის არც ჭურვები გამოყო და არც თანხა.

მილიარდიანი ევროპული სინანული

ამასობაში, ყურადღების მიღმა ევროკავშირს არც საშინელი მიწისძვრით დაზარალებული და ერთ დროს მასზე განაწყენებული თურქეთი დარჩენია. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვონ დერ ლაიენის განცხადებით, ერვოკომისია თურქეთს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რაც მიწისძვრით განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ევროკავშირის დახმარება სირიასაც გადაწვდება და მას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 108 მილიონი ევრო შეხვდება. თებერვალში სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბორნის ულტიმატუმი

საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და მისი პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის მთავრობამ პარლამენტში უნდობლობის შესახებ ორ კენჭისყრას გაუძლო, კაბინეტი შეინარჩუნა და საპენსიო რეფორმაც ძალაში დატოვა. პირველი კენჭისყრისას, მემარცხენე და ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს სულ რაღაც ცხრა ხმა დააკლდათ მინისტრთა კაბინეტის გადასაყენებლად, უკვე მეორე კენჭისყრისას კი მთავრობის შეცვლას მხარი მხოლოდ ულტრა-მემარჯვენეებმა დაუჭირეს, ამიტომ ბორნი და მისი კაბინეტი უფრო თვითდაჯერებულად დაუძვრა ხელიდან უკმაყოფილო დეპუტატებს. მთავრობის შენარჩუნების მიუხედავად, საფრანგეთში პოლიტიკური უკმაყოფილება და დაძაბულობა სულაც არ ჩამცხრალა. ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმის პაკეტი, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებდა, პარლამენტის გვერდის ავლით გაიტანა, რამაც პოლიტიკური და ქუჩის მღელვარება გამოიწვია.

მსგავსი/Related

Back to top button