კობახიძე „აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს „ლიბერალური ფაშიზმის კამპანიის“ შედეგად აფასებს

„აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, „ლიბერალური ფაშიზმი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა და ამ კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები“, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები.

აღნიშნა რა, რომ კანონპროექტების წინააღმდეგ პროტესტი ქვეყნის „გულწრფელმა მოქალაქეებმაც“ გამოხატეს, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც“, რომელთა მეშვეობითაც იყო „ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“, „დროასთან“ და სამოქალაქო მოძრაობას „სირცხვილიასთან“ ერთად განსაკუთრებით გამოკვეთა საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის“ „აქტიურობა“ და ხაზი გაუსვა, რომ ეს უკანასკნელი „არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება“. „მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას“. მისივე ვერსიით, „სტუდენტების მობილიზაცია“ „ნაციონალური მოძრაობისდროინდელი „ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტებში – „თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და „საქართველოს უნივერსიტეტში“ ხდება.

„აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კლუბის მსმენელებს ტრენერები „რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან“.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცველი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა“. მანვე მომიტინგეების მხრიდან „ექსტრემისტულ აქტივობებზე“ საუბრისას, განსაკუთრებით გამოყო „სიმბოლური აქტები“, როგორებიცაა: „წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, 7-9 მარტის საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის – გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე“. „ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა – 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ იგივე ლოგიკა კიდევ უფრო განავრცო და განაგრძო: „2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში“.

ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზგასმით თქვა, რომ „გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს“.

კობახიძის თქმით, გასულ კვირას მოქმედმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა „ჰუმანური სახე“ და კანონპროექტები იმ დროს უკან იმ დროს გაიხმო, როდესაც „როდესაც სამართალდამცველ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ“.

„ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „აგენტებზე“ კანონპროექტებმა, „რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო“, „ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა“ და „გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“. „ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო – ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის. საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან“.

„ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო“, – თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ „ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე“.

მანვე „აგენტებზე“ კანონპროექტების რუსულ კანონთან მსგავსებაზე ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს“. კობახიძემ ისიც დაამატა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ ქვეყანაში „მეორე ფრონტის სცენარი“ არ განხორციელდება და „საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას“.

„ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version