კულტურის სამინისტროს დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ჯამბურიამ 23 თებერვალს კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, რომელიც სასამართლოში დაზარალებულის უფლებებს იცავდა, განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება და მუზეუმს 2 000-ლარიანი კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, 2022 წლის იანვარში გიორგი ჯამბურიას გათავისუფლებას მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება უძღვოდა წინ, რომლის მიზანიც „სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით“. ამდენად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას. ჯამბურია, რომელიც პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია, 2019 წლიდან ერთ-ერთ განყოფილებაში ასისტენტად მუშაობდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ჯამბურიასთვის გადასახდელი კომპენსაციის თანხის ოდენობას გაასაჩივრებს, რადგანაც მათი შეფასებით, ის „შეუსაბამოდ დაბალია“. ორგანიზაცია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან „უკანონოდ“ გათავისუფლებულ თანამშრომელთა საქმეებზე მუშაობას აგრძელებს.


საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის მსახურობის პერიოდში სისტემიდან თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლებების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version