ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 1 თებერვალს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სები მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ინფლაციის შემცირებისა და საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და „არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს“.

ეროვნული ბანკის თქმით, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და ის დეკემბერში 9.8% იყო. ამასთან, „ინფლაციური შოკების ფონზე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება, რაც შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის“.

ამასთან, ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. პოლიტიკის შერბილებას ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოვების შემდგომ ვარაუდობს.

სებ-ის პროგნოზით, განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

„თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version