ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ

პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისს „ქართული ქარტიის“ დაანონსების შემდეგ, რვა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოთქვა დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა. ეს პარტიებია: „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, რესპუბლიკური პარტია და “მოქალაქეები“.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქარტიაზე ხელმოწერის საბოლოო ვადად 1 ივნისი განსაზღვრა.

თავიანთ განცხადებებში პარტიები ხაზს უსვამენ ქართული ქარტიის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის, რათა მათ ერთობლივი პოზიცია შეიმუშავნ.

„…[ქართული ქარტია] ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ „ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ განცხადებაში.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ქარტიის „მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს“. ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ განაცხადა, რომ ქარტია „მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას“.  

„ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავს მოახვიეს საქართველოს“, – წერს „ახალი“ განცხადებაში. „ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“.

კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ “მოქალაქეები” განაცხადა, რომ ის უერთდება ქარტიას. “ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიუილ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია “მოქალაქეები” ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას ‘ქართულ ქარტიას'”.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პრეზიდენტის ინიციატივას არ შეუერთდა. მართალია მისი თქმით, მისი პარტია მზადაა, დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს, მან განაცხადა: „ამ ეტაპზე დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება“.

ქარტიის ხელმომწერი პარტიები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, იღებენ ვალდებულებას, რომ საგაზაფხულო სესიის დროს შეასრულონ ქარტიის ამოცანები და 2025 წლის შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ამასთანავე შექმნან გარემო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ტექნიკურ, უპარტიო მთავრობას პრეზიდენტი წარმოადგენს.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version