ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ზურაბიშვილს: ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

24 მაისს საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე და მიესალმა საქართველოს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური გზის დაცვის საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, მათ შორის კანონპროექტზე ვეტოს დადებას.   

„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე საუბარია აშშ-საქართველოს მრავალწლიურ პარტნიორობასა და აშშ-ის მიერ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე. წერილში ხაზგასმულია, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცედ“ გრძელდება. „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას“.

„ქართველი ხალხი მკაფიოდ აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად“, – ნათქვამია წერილში.  

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version