მოსაზრებაწერილები

მოსაზრება: საქართველოს მიკერძოებული სასამართლოები კულტურულ მემკვიდრეობასაც აზიანებენ და გარემოსაც

რაც უფრო გრძელდება საქართველოში ფეოდალური მმართველობა, მით უფრო შორს მიდის ქვეყნის ინსტიტუტების ლპობა.


ავტორი: თედ ჯონასი იურისტი და გარემოს დამცველი აქტივისტია, რომელიც მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს.


ფურცელზე დაწერილს თუ შევხედავთ, კონსტიტუციით საქართველო დემოკრატიას წარმოადგენს, არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი და სასამართლოები. ნომინალურად, ისინი კონსტიტუციით გაწერილ როლებს ასრულებენ. რეალურად კი, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის ხმას, დებატებისთვის ფორუმს და აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავების საშუალებას წარმოადგენდნენ, ერთპარტიული მმართველობა საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივებისათვის ბეჭდის დამსმელად აქცევს; ქართული სასამართლოები კი აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელი შემაკავებელი კი არაა, აღმასრულებელი ხელისუფლების დამანატად არის ქცეული. ეს მკაფიოდ ჩანს ადმინისტრაციულ დავებში, სადაც მოსამართლეები საკუთარ როლს ბიუროკრატიის დაცვაში ხედავენ; სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც პროცესს გენერალური პროკურორი და მისი ფეოდალური „ბატონები“ აკონტროლებენ; და ასევე სამოქალაქო დავებშიც, თუკი ერთი-ერთი მხარე მმართველ აპარატთანაა დაკავშირებული.

თუ გვინდა, ხალხი სასამართლოს პატივს სცემდეს, სასამართლო გადაწყვეტილებები ინტელექტუალურად გამართული უნდა იყოს. სასამართლოების მიმართ ხალხის პატივისცემა კი საზოგადოების მიერ კანონის პატივისცემისთვის საწინდარია. ოღონდ, როდესაც მმართველობის სისტემა საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მასში და მის ზემოთ მყოფი კერძო პირების ძალაუფლებაზე, მაშინ სასამართლო გადაწყვეტილებების ინტელექტუალური სანდოობა მეორესხარისხოვანი ხდება. ასეთ სისტემაში, მოსამართლეებმა საზოგადოება კი არ უნდა დაარწმუნონ საკუთარ სიბრძნესა და პატიოსნებაში, არამედ თავის პატრონებს – ხელისუფლებას – უნდა დაუმტკიცონ ერთგულება.

რაც უფრო ღრმად გაიდგამს საქართველოში ფესვებს ფეოდალური პატრონ-ყმობის მსგავსი მმართველობის სისტემა, მით უფრო უსირცხვილო ხდება სასამართლო და მით უფრო კომიკური ხდება მისი  გადაწყვეტილებების დასაბუთებაც. ამას პოლიტიკაში აშკარად ვხედავთ: უმსხვილესი ტელეკომპანიის დირექტორს სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა მის მიერ კერძო კომპანიაში დადგენილი სარეკლამო ტარიფებისა და რეკლამის განმათავსებლებთან მიღწეული შეთანხმებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოქმედებებში რაიმე თვალშისაცემი საზოგადოებრივი ინტერესის დარღვევა არ იკვეთებოდა; ყოფილი ბიზნესმენები და ამჟამად პოლიტიკოსები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, იმ დანაშაულის გამო გაასამართლეს, რომელზეც პროკურორს ბრალი არ წარუდგენია და რომლის ხანდაზმულობის ვადაც დიდი ხანია გასული იყო.

მსგავსად უსირცხვილო გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო გარემოს დაცვის სფეროშიც. ამის ორ მაგალითს მოგიყვანთ.

ცოტა ხნის წინ, ჩემს მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ძველ თბილისში, ლადო ასათიანის ქუჩის 22 ნომერში დიდი სასტუმროს მშენებლობა გაასაჩივრა. სასტუმროს მშენებლობა არღვევს გენერალური ზონირების გეგმას, რომელიც ამ ტერიტორიას საცხოვრებელი უბნის კლასიფიკაციას ანიჭებს და ისტორიულ რაიონად მოიაზრებს. სასტუმროს პროექტი ასევე არღვევს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის იმ დებულებებს, რომლებიც ახალი, უადგილო მშენებლობის შედეგად მონუმენტების ვიზუალური და ფიზიკური დაზიანების თავიდან არიდების მიზნით მათ გარშემო ბუფერული ზონების შექმნას ითვალისწინებს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2019 წლის 2 აპრილს პირადად გამოსცა ბრძანება და გამონაკლისი დაუშვა ქალაქის ზონირების შესახებ კანონებში, რათა სასტუმროს მშენებლობა დაეშვა. სასტუმროს ორი უშუალო მფლობელი, დეველოპერული კომპანია Old City Group-ის მეწილეები,  მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი შემომწირველები არიან. თავდაპირველად, მოსამართლემ, ჩვენდა გასაკვირად, დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მშენებლობის აკრძალვის თაობაზე და დროებით შეაჩერა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, რათა სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე შემდგომი ზიანი აგვეცილებინა თავიდან.

თუმცა, ჩვენი სიხარული იმ იშვიათი შემთხვევის გამო, როდესაც ქართველი მოსამართლე მუნიციპალიტეტისა და დეველოპერების წინააღმდეგ წავიდა, დიდხანს არ გაგრძელებულა. აკრძალვის გასაჩივრების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლო (და ქვედა ინსტანციის სასამართლოც, საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ) დაეთანხმა დეველოპერის არგუმენტს, რომ სოლოლაკის ქედში უზარმაზარი ხვრელის გათხრის შემდეგ, კანონიერი იყო ეს მოქმედება თუ არა, საჭიროა მშენებლობის გაგრძელება, ვინაიდან მისი დაუსრულებლობის შემთხვევაში ქედის ჩამოშლის საშიშროება არსებობს.

შედეგად, ქალაქს და დეველოპერს მიეცათ სასტუმროს მშენებლობის გაგრძელების უფლება იმ საშიშროების (კლდის ჩამოშლის) აღსაკვეთად, რომელიც დეველოპერმა თავად შექმნა საკუთარი უკანონო ქმედებების წყალობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეველოპერს მიეცა უფლება, რომ „საკუთარი არასწორი ქმედებებიდან სარგებელი მიიღოს“, რითიც იურისპრუდენციის უმთავრესი წესი დაირღვა. იმავდროულად, სამართლებრივი დაცვის საშუალებების გარეშე, დაირღვა საზოგადოების უფლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით აღიარებულ უფლებას წარმოადგენს.

მეორე შემთხვევა სულაც მიმდინარე კვირას მოხდა. დიღმის ჭალები ხუთ კილომეტრზეა გადაჭიმული. ადრე ის მდინარე მტკვრის გასწვრივ მდებარე ბუნებრივი სანაპირო ზოლი იყო და „მწვანე სივრცედ“ კლასიფიცირდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2018 წლიდან 2021 წლამდე, ის სრულად განადგურდა უკანონო საქმიანობების, კერძოდ კლდის ბურღვის და მსხვრევის, ხრეშისა და ცემენტის წარმოებისა და ნაგვის უკანონოდ დაყრის შედეგად. კომპანიები, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებდნენ, ღიად მოქმედებდნენ და კარგად იყვნენ ცნობილნი.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, შეუპოვარი აქტივისტების ძალით, ყველაფერი გააკეთა ჭალების განადგურების შესაჩერებლად. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ, რომელთა იურისდიქციაშიც შედიოდა ხსენებული ადგილი, არაფერი მოიმოქმედეს უკანონო საქმიანობის შესაჩერებლად ან დამნაშავეთა რამდენიმე წლით პასუხისგებაში მისაცემად. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც პროცესში საერთაშორისო აქტორები ჩაერთნენ, სამინისტრომ და მერიამ მიიღეს ზომები ინერტული მასალის უკანონო მოპოვების, კლდის მსხვრევისა და დამუშავების (თუმცა არა ნაგვის უკანონო დაყრის) შესაჩერებლად.

დიღმის ჭალების აქტივისტები, რაც სავსებით მართებულია, ამით არ დაკმაყოფილდნენ. ბიზნესმენებმა, რომელთაც გაანადგურეს გარემო, დიდი მოგება ნახეს სახელმწიფოს კუთვნილი მინერალური რესურსების ქურდობისა და მწვანე ზონის სტატუსის მქონე სახელმწიფო მიწის განადგურების შედეგად. თუმცა, არც გარემოს დაცვის სამინისტროს და არც თბილისის მუნიციპალიტეტს არაფერი გაუკეთებიათ დამნაშავეებისთვის ფულადი კომპენსაციის დასაკისრებლად, რასაც მათ კანონი ავალდებულებს. დიღმის ჭალების აქტივისტები საფუძლიანად ეჭვობენ, რომ ე.წ. ბიზნესმენებს მჭიდრო კავშირები აქვთ „ქართულ ოცნებასთან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დიღმის ჭალების“ აქტივისტების სარჩელზე პირველი მოსმენა გამართა. სარჩელი აქტივისტებმა ცხრა თვის წინ წარადგინეს და გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას და დიღმის ჭალების დამბინძურებლების ფინანსურ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ იმ ზიანის გამო, რომელიც მათ სახელმწიფო საკუთრებას და გარემოს მიაყენეს. მოქალაქეთა საჩივრების იგნორირების თაობაზე თავისი ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად, თბილისის მერია მოსმენაზე არ გამოცხადდა და არც რაიმე პასუხი წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით. მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გამოცხადდა სხდომაზე და სხვადასხვა ტექნიკური არგუმენტები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ იქნება სამინისტრო მოპასუხე ამ საქმეში.

მოსამართლეზე ვერც მერიის წარმომადგენლის არყოფნამ, არც სამინისტროს არგუმენტების უადგილობამ მოახდინა გავლენა. „დიღმის ჭალების“ აქტივისტების არგუმენტების მოსმენის გარეშე, მან დაადგინა, რომ სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორიცაა გარემოს დაცვის სამინისტრო ან თბილისის მერია, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება დაავალოს. სხვა სიტყვებით, სასამართლომ თქვა, მერე რა, რომ, კანონში პირდაპირ წერია, რომ სამინისტრომ და მერიამ გარემოს დამბინძურებლებს ზიანის ანაზღაურება უნდა დააკისრონ. თუ ისინი ამას ვერ აკეთებენ – თუ კანონს ვერ ახორციელებენ – ძალიანაც ცუდი, მაგრამ რა გაეწყობა?! თქვენ, როგორც მოქალაქე, ვერაფერს გახდებით.

ალბათ, არ მჭირდება იმის თქმა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, იურისპრუდენციის დადგენილი პრინციპია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მცდარი ან უკანონო უმოქმედობა ისეთივე დანაშაულია, როგორც უკანონო ქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ცალსახად აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ იმ ქმედებების განუხორციელებლობის გამო, რომელთა შესრულებაც მათ კანონით ევალებათ. იმ კანონის აღუსრულებლობა, რისი აღსრულების ვალდებულებაც სახელმწიფო ორგანოს გააჩნია, ისევე უკანონოა, როგორც მისი არასწორად აღსრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, სადაც, მაგალითად, ერთ შემთხვევაში, ბიზნესმენს შეუძლია იჩივლოს სასამართლოში, რომ სახელმწიფო ორგანო მის წინააღმდეგ უსამართლოდ იყენებს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო რეგულაციას, და მეორე შემთხვევაში, მოქალაქეს, რომელიც ამ რეგულაციამ უნდა დაიცვას, ვერ ამტკიცებს სასამართლოში, რომ სახელმწიფო ორგანომ ვერ მოახერხა მისი შესრულება. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება და ლოგიკურადაც აბსურდულია.

ძალიან ბევრი ქართველი მოსამართლე იმაზე კი არ ზრუნავს, რომ კანონს უერთგულოს, კოლეგები პატივს სცემდნენ, ხოლო ხალხს მათი სამართლიანობისა სწამდეს, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლება მის საქციელს იწონებდეს. თუკი კანონით დადგენილ მაღალ სტანდარტებს ძალაუფლების მქონეთა დიქტატი ანაცვლებს, რაღა პირით უნდა მოსთხოვონ მოსამართლეებმა და სასამართლო სისტემამ საზოგადოებას პატივისცემა?

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button