“დემოკრატიის უკუსვლა დღეს სამხედრო გადატრიალებების გზით აღარ ხდება. დემოკრატიულად არჩეული მთავრობები უკეტავენ ჟანგბადს ოპოზიციას და თანდათანობით სპობენ დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებს ,” – გვიყვება რიჩარდ იანგსი, კარნეგის ფონდის ევროპული ბიუროს მთავარი მკვლევარი. წლებია, რაც ის ევროკავშირის პოლიტიკასა და დემოკრატიზაციის პროცესებს სწავლობს. მისი ნაშრომები დემოკრატიული მმართველობისათვის სივრცის შეზღუდვას, მის მექანიზმებსა და ამ პროცესთან ბრძოლის მეთოდებს ეხება. მის ბოლო ნაშრომში, რიჩარდ იანგსი უკრაინის დემოკრატიულ მომავალზე მსჯელობს.
რიჩარდ იანგსს ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტი, კრისტინა პიტალსკაია ესაუბრა.
თქვენ ბევრი ნაშრომი გაქვთ დაწერილი სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზე და დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების მუშაობაზე მათდამი მტრულ გარემოში. ჩვენ გვინდოდა გარდამავალ ვითარებაზე გვესაუბრა, როდესაც შედარებით თავისუფალი გარემო მტრულისკენ იცვლება. როგორ იქცევიან ხოლმე ამის მსურველი მთავრობები?
სამწუხაროდ, სამოქალაქო სივრცის დახურვის პრობლემა სულ უფრო ფართოვდება. დაახლოებით 15 წლის წინ, ამ ტენდენციას ვაკვირდებოდით თვალსაჩინოდ ავტორიტარულ კონტექსტში – რუსეთში, ეგვიპტეში და ვენესუელაში – სადაც მთავრობები ცვლიდნენ კანონმდებლობას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაზღუდად. დღეს გვაქვს არა მხოლოდ სამოქალაქო სივრცის დახურვის, არამედ მთლიანად დემოკრატიული სივრცის დახურვის პრობლემა.
შესაბამისად, ამ პრობლემას უფრო პოლიტიკური კუთხით უნდა შევხედოთ, რადგან რეჟიმებმა საგრძნობლად გააფართოვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკური არსენალი. დღეს მსოფლიოში 110-120 რეჟიმს აქვს დაწესებული გარკვეული სახის შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ამ ქვეყნიდან ბევრს შეიძლება დემოკრატიულიც კი ეწოდოს, მათ შორისაა საქართველო და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს ეს არაა მხოლოდ დახურული, ავტორიტარულ რეჟიმების მახასიათებელი, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა ხდება დასავლეთის ქვეყნებშიც და მსოფლიოს ყველა რეგიონში.
მნიშვნელოვანი გამოწვევა ისაა, რომ ეს პრობლემა სულ უფრო ფართო, ღრმა და უფრო მწვავე გახდა, ოღონდ ეს მოხდა თანდათანობით. მთავრობები უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, მათ ტაქტიკა დახვეწეს. სამოქალაქო საზოგადოებასთან ბრძოლა მათთვის იმ უფრო ფართო შეტევითი ტაქტიკის ნაწილია, რომელიც ისინი სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათს ბღალავენ.
ეს ტენდენცია სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. თუკი მხოლოდ იმ ქვეყნებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც შედარებით ღია, დემოკრატიული სისტემიდან დაიწყეს და შემდეგ სადღაც დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის გაიჭედნენ, დავინახავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა ხშირად ამ ქვეყნების ავტორიტარიზმისკენ მოძრაობის სტრატეგიის პირველადი და წამყვანი ელემენტი იყო.
დღეს, როცა სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ვახსენებთ, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმების მიერ ოპოზიციის დევნაზე კი არაა საუბარი, არამედ გარკვეული ტიპის მთავრობების სისტემურ სტრატეგიაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასუსტონ დემოკრატიულ სისტემისთვის დამახასიათებელი პლურალიზმის ხარისხი. შეიძლება გადაჭრით ვერც კი ვთქვათ, რომ ეს მთავრობები სრულად ავტორიტარულები ხდებიან, მაგრამ ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ისინი სულ უფრო და უფრო ზღუდავენ.
რა სტრუქტურული პრობლემები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც მათ მოწყვლადად აქცევს ამგვარი პოლიტიკის წინაშე და პირიქით, რა უწყობს ხელს მათ მდგრადობას?
ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. არასამთავრობოებმა სხვადასხვა საშუალებით უნდა გაიძლიერონ და დაიცვან თავი. ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს პოლიტიკური სიმწვავის შემცირება და ისეთ საქმიანობაზე გადასვლა, რომელიც შედარებით ნაკლებადაა პარტიული დაპირისპირების საგანი. ხანდახან შეიძლება პირიქით, პოლიტიკური ალიანსების შექმნა იყოს საჭირო, სამოქალაქო საზოგადოების ამ კონკრეტული ნაწილის უკეთ დასაცავად ზეწოლისაგან. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკურ კონტექსტზე.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოიკვეთა სამწუხარო ტენდენცია – ბევრგან ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ხალხი იძულებულია, დატოვოს სამშობლო და სხვა ქვეყნებიდან გააგრძელოს მუშაობა.
ონლაინ მუშაობის პირობებში ახალი პრობლემები იჩენს თავს. ფაქტია, რომ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ეყრდნობა ციფრულ ტექნოლოგიებს აქტივისტული საქმიანობისთვის., ხშირად საერთაშორისო დონორების წახალისებითაც. ჩვენი გამოცდილებით, რეპრესიული რეჟიმები სულ უფრო ზუსტად ამოიღებენ ხოლმე მიზანში აქტივისტებს სწორედ მათი ონლაინ აქტიურობის მეშვეობით. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ციფრული აქტივიზმის წახალისებით, ის მოწყვლადობის დამატებით ელემენტებს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას.
ჩვენს კვლევაში ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ხშირად მთავრობის დარტყმის ქვეშ მყოფ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ფართო მხარდაჭერა არა აქვთ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა, თუ რატომ ხდება ეს. სამომავლოდ, მათი საქმიანობის მდგრადობის გასაუმჯობესებლად, ალბათ მეტი ფოკუსირებაა საჭირო ფართო საზოგადოებასთან ალიანსების შექმნაზე და ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერის ქსელის გაფართოებაზე. თუკი ამას ადგილობრივი დონიდან ფინანსური სახსრების მოძიებაც დაემატება, უფრო მეტი შანსია, რომ მათ ადგილზე ისე ღრმად ჰქონდეთ ფესვები გადგმული, რომ რეჟიმს კარგად მოუწიოს დაფიქრება, სანამ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას გადაწყვეტს.
დემოკრატიის უკუსვლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენს დროში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაა. არსებობს პოლარიზაციის სხვადასხვა ფორმა – ზოგჯერ ის იდეოლოგიურია, ზოგჯერ პიროვნებებზე დაფუძნებული. ზოგიერთ შემთხვევაში მას სოციალური ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ზოგჯერ კი მეჩხერად. პრობლემაა ისაა, როცა სამოქალაქო საზოგადოება თავად არის ჩათრეული ამ პოლარიზაციაში. გარკვეულწილად, ეს უადვილებს მთავრობებს სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის ლეგიტიმურობა მიზანში ამოიღონ. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ, როგორ შეინარჩუნონ დემოკრატიზაციის დღის წესრიგი და მისი პრინციპებისადმი ერთგულება ისე, რომ თავი დაიცვან პოლარიზებული პარტიული მეტოქეობისგან.
ბოლო წლებში COVID-19-ის კვალობაზე ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ისეთ საკითხებზე გადაერთო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისათვის – ასეთებია ჯანდაცვა, სოციალური უსამართლობის საკითხები, საგანგებო ვითარებებზე რეაგირება. ბევრ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შემოქმედებითმა მიდგომამ და ინოვაციებისკენ სწრაფვამ მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიით მოტანილ პრობლემებთან გამკლავებაში. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შთამბეჭდავად მოერგო პანდემიის გამოწვევებს. ეგებ, სწორედ ამ სულისკვეთების შენარჩუნებით შეძლოს სამოქალაქო საზოგადოებამ მოსახლეობას აჩვენოს, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.
სოციოლოგიურ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი იღლება პოლარიზაციით. აქაც, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია თავისი უპირატესობის და განსხვავებულობის დემონსტრირება, რაც მას დაეხმარება რეჟიმების რეპრესიული ტაქტიკისაგან თავის დაცვაში.
რამდენად გააჩნიათ დემოკრატიის მხარდამჭერ, დონორ ორგანიზაციებს უნარი, დროულად დაინახონ დემოკრატიის უკუსვლის ნიშნები და ხელი შეუშალონ ამ პროცესს? თქვენი აზრით, რა გზებით შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგნიზაციებს, დაეხმარონ დონორებს ამგვარი პრობლემების დიაგნოსტიკაში?
ამ თემაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ორ თემაზე შევჩერდები. უპირველესად ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ადრეული გაფრთხილების ისეთივე მექანიზმები გვჭირდება, როგორც კონფლიქტების თუ ბუნებრივი კატაკლიზმების საწინააღმდეგოდ გვაქვს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა თანდათანობითი პროცესია, ხშირად ცალკეულ ნაბიჯებს ყურადღებას არ ვაქცევთ და როცა სამოქალაქო საზოგადოების დაცვას გადავწყვეტთ ხოლმე, ხშირად დასაცავი დიდი აღარაფერია დარჩენილი.
ამჟამად ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში აქტიურად მიდის საუბარი არა მხოლოდ ეფექტური ადრეული გაფრთხილების მექანიზმების შემუშავებაზე, არამედ იმ ნაბიჯებზეც, რაც უნდა გადაიდგას თუკი ასეთი პრობლემები გამოვლინდა – ანუ ადრეული გაფრთხილების პრობლემატიკიდან, პრევენციულ მოქმედებაზე გადავდივართ.
ბოლო ათწლეულის ტენდენციებიდან გამომდინარე, უკვე უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ტიპის პრობლემებს ადრეულ ეტაპზე უნდა მიხედვა, თორემ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო სისტემური ხასიათისა ხდება პრობლემა, მით უფრო იოლი ხდება მმართველი რეჟიმებისთვის დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების განეიტრალება. თუკი ამგვარმა ტენდენციამ ფეხი მოიკიდა, მისი შემობრუნება სულ უფრო რთული ხდება.
მეორე თემა, რაზეც მინდოდა მესაუბრა, არის კავშირის შენარჩუნება იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ და ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის. საერთაშორისო დონორებმა საკმაოდ კარგად ისწავლეს სამოქალაქო აქტივისტების ფიზიკური დაცვა და სახიფათო ვითარებებიდან გარიდებაც. შემდეგი ეტაპის გამოწვევა ისაა, თუ როგორ დავეხმაროთ მათ, შეინარჩუნონ ხიდი ადგილობრივ საზოგადოებასთან, დაეხმარონ მათ თვითორგანიზებაში, უფლებების მოთხოვნაში, შერჩენილი დემოკრატიული და სოციალური უფლებების გამოყენებაში. უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ხიდჩატეხილობა ქვეყნიდან გაძევებულ პოლიტიკურ ოპოზიციასა და ქვეყანაში დარჩენილ საზოგადოებას შორის.
ეგებ საერთაშორისო ორგანიზაციები უკეთ უნდა ეხმარებოდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სოციალური კავშირებისა და დემოკრატიული ჩართულობის ფართო ქსელის ჩამოყალიბებაში ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირი გაგებით პოლიტიკური არაა: გარემოს დაცვა, ჯანდაცვის საკითხები და სოციალური უფლებები ადგილებზე. მოქალაქეების უმეტესობა შეიძლება ამათუიმ პარტიის მომხრედ ან მოწინააღმდეგედ არ თვლიდეს თავს, მაგრამ სურდეს ამგვარი საკითხების ირგვლივ ორგანიზება, უნდოდეს დარგობრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. სწორედ ამგვარ საკითხებზე მუშაობიდან შეიძლება გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და ფართო გაგებით ძირითადი დემოკრატიული უფლებების დაცვაც უკეთ მოახერხოს.
არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, რომ მთავრობა ცხოვრებას ურთულებს ზოგიერთ სამოქალაქო მოძრაობას – ამგვარი შემთხვევები არის საქართველოშიც. ასეთ შემთხვევებში მათ სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს საზოგადოებისა და ადგილობრივ ასოციაციების უფრო აქტიური დახმარება წაადგებოდათ. თავის მხრივ, სამოქალაქო მოძრაობებმა უფრო მეტი დრო რომ დაუთმონ ადგილობრივი ქსელებისა და კავშირების კულტივირებას და ცოტათი უფრო ნაკლები – საერთაშორისო პარტნირებთან მუშაობას, ეგებ ზეწოლას უკეთ გაუძლონ. იმის თქმა არ მინდა, რომ ეს ყველა პრობლემას მოაგვარებს. ცხადია, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აცნობიერებს ამ პრობლემის არსებობას და შემოქმედებითი მიდგომით ცდილობს მის გადაჭრას.
რა ხდება მაშინ, თუკი როცა სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციისთვის ყოველნაირი სასიცოცხლო სივრცე დაიხშო? რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამგვარ შემთხვევაში?
როცა ასეთი ვითარებაა სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული სივრცე თანდათანობით იხურებოდა და ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებას უფრო ადრეულ ეტაპზე მეტი ყურადღება უნდა მიექცია ვითარების გაუარესებისათვის. შევხედოთ უნგრეთს როდესაც კონკრეტული ლიდერი ან პარტია აკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს – მაშინ უკვე წარმოუდგენლად რთულია პროცესის შემობრუნება. ეს ნათლად მიუთითებს პრევენციული მუშაობის აუცილებლობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ უკეთ დაარწმუნონ მთავრობები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომ ერთად მუშაობაა საჭირო, მთავრობებმაც რომ გააცნობიეროს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს თავისი ფუნქციები და მათი საქმიანობა არ გულისხმობს მაინცდამაინც პოლიტიკურ ოპოზიციას.
უნგრეთში, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ გააცნობიერა, რაც ხდებოდა და აქტიურად შეეცადა გარკვეული დემოკრატიული სივრცე შეენარჩუნებია.
შესაძლოა, გარედან მაცქერალი საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა მთავრობები ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას, როცა ვითარება თანდათანობით იცვლება. დღეს დემოკრატიული უკუსვლა სამხედრო გადატრიალებებით არ ხდება. დემოკრატიულად არჩეული მთავრობები თანდათანობით უკეტავენ ჟანგბადს ოპოზიციას, ზღუდავენ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს.
სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ღირებული როლი შეუძლია შეასრულოს გარე სამყაროს გაფრთხილებაში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უკვე საკმაოდ ვნახეთ, თუ რა მექანიზმით ებრძვიან რეჟიმები დემოკრატიას, ნაბიჯებით, რომლებიც ცალ-ცალკე თითქოს არაფერია, მაგრამ ჯამში მძიმე შედეგი მოაქვს. ეს გამოცდილება საკმარისია იმისთვის, რომ ვაღიაროთ – კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები გაცილებით ადრე უნდა იქნას გადადგმული.
ბოლო დროს, მრავალი საერთაშორისო დონორი ცდილობს უფრო სისტემურად შეაფასოს სამუშაო გარემო. USAID, UKAID და ნაწილობრივ UNDP სულ უფრო ხშირად რთავენ განხორციელების კონტექსტის ანალიზს (ICA) თავიანთი დაგეგმარების პროცესში. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ეფექტური მეთოდი ადრეული გაფრთხილებისათვის? სხვა რა მეთოდების რჩევა შეგიძლიათ?
ეს ინსტრუმენტები ახალი არ არის და უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მათმა გამოყენებამ გააუმჯობესა პოლიტიკური ანალიზის ხარისხი, რომელიც საფუძვლად ედება დემოკრატიის დახმარების სტრატეგიებს და დაფინანსების გეგმებს. თუმცა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ანალიზი კი გაუმჯობესდა, მაგრამ დაფინანსებული პროგრამები თვისობრივად არ შეცვლილა.
სწორედ ესაა, ჩემი აზრით, დღევანდელი გამოწვევა: უკეთესი ხარისხის ანალიზი უკეთეს პროგრამებში უნდა გამოიხატებოდეს. კი, რაღაც ცვლილებები არის – მაგალითად, ევროკავშირის პროგრამები ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა. ისიც დავინახეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შთამბეჭდავი მობილიზაცია შეუძლია – ეს საქართველოშიც დავინახეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. თუკი ასეა, ალბათ დონორებმაც იპოვეს გზები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შესანარჩუნებლად. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზრდის პოტენციალი არ შემცირებულა.
უკრაინა საინტერესო მაგალითია: 2010-იანი წლების შუა ხანებში უკრაინაში დემოკრატიის ხარისხი უარესდებოდა, სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრება უჭირდა და სერიოზული წნეხის ქვეშ იყო. თუმცა დღეს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლოები ფრიად შთამბეჭდავად მოჩანს – გამოდის, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეულ მხარდაჭერას ჰქონდა აზრიც და გავლენაც.
რას იტყოდით უფრო მოქნილი დაფინანსების მექანიზმების აუცილებლობის შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებას უკეთ რომ შეეძლოს ცვალებად გარემოსთან და პრიორიტეტებთან ადაპტირება?
მრავალი წელია ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. დონორთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ისინი უფრო მოქნილები გახდნენ – ხშირად ასეცაა. მაგალითად, დიდი დონორების ნაწილი უკვე გასცებს ორგანიზაციულ დაფინანსებას, სხვები უფრო მეტ რისკზე მიდიან და უფრო ახალბედა ან მცირე ორგანიზაციებთან თანამშრომლობას იწყებენ. იპოვეს ველზე, სათემო ორგანიზაციების დაფინანსების ახალი მექანიზმებიც.
ევროკავშირმა მოახერხა საპროგრამო გადაწყვეტილებების დეცენტრალიზაცია და ამ საქმეში დელეგაციებს დღეს უფრო დიდი როლი აქვთ. ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტი მოქნილობა და მეტი მგრძნობელობაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, ბევრი დონორი ამ მიმართულებით მოძრაობს.
სტრატეგიების ადაპტაცია თითოეულ პოლიტიკურ კონტექსტზე იქნება დამოკიდებული – რამდენად სერიოზულია პრობლემა; რამდენად შეიძლება მთავრობასთან ან მის ნაწილთან მუშაობა; რამდენადაა შემორჩენილი დიპლომატიური არხები. ზოგჯერ სამოქალაქო აქტივისტებისგან უფრო პოლიტიკურად აქტიური მიდგომა შეიძლება იყოს საჭირო, ზოგან კი, შესაძლოა, მოუწიოთ უფრო ნაკლებად პოლიტიკურ ტაქტიკაზე გადართვა. დონორების მხრიდანაც დონორების დაფინანსების მიბმა უფრო მჭიდროდ იყოს საჭირო დიპლომატიურ ჩართულობასთან.
დონორთა მხარდაჭერის ერთი უცნაური თვისებაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ღონისძიებები ზოგჯერ სრულიად მოწყვეტილია რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტიდან. ეგებ, ერთ დროს არსებობდა ლოგიკა ორმხრივი ურთიერთობების ამ ორი მიმართულების ერთმანეთისგან განცალკევებაში, მაგრამ ახლა, როცა ვიცით რომ მთელი რიგი მთავრობები განზრახ და მიზანმიმართულად ზღუდავენ სამოქალაქო აქტივობას, ამ პრობლემებს თვალს არ უნდა ვარიდებდეთ და მათზე საუბარი დიპლომატიური მოლაპარაკებების ფარგლებშიც უნდა მიდიოდეს. საგულისხმოა, რომ ზომიერად რეპრესიული რეჟიმები ხშირად ახერხებენ კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას საერთაშორისო დონორებთან და ამიტომ, ახერხებენ მათი ყურადღების გადატანას ქვეყანაში მიმდინარე გარკვეული ნეგატიური მოვლენებისგან.
კვლევამ გვიჩვენა, რომ ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში, როდესაც ძლიერი, აქტიური და დინამიური სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს თავი დაიცვას შეზღუდვებისგან, ის პოლიტიკური მხარდაჭერისათვის საერთაშორისო საზოგადოებას ეძებს. ზოგიერთი უფრო დახურული, რეპრესიული რეჟიმების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ხმა შეიძლება გარკვევით არ ისმოდეს, მაგრამ იქ, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოთხოვნები ნათლად გაისმის, ევროკავშირი ვერ მისცემს თავს უფლებას, მათ არ გამოეხმაუროს. აშკარაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში სადაც დინამიური სამოქალაქო სექტორია (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), ევროკავშირი მათ მოთხოვნებზე რეაგირებს და საქმემ ზოგჯერ ამიტომაც წაიწია წინ.
როგორც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე რას იტყოდით?
მართლაც, საჭიროა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. რეგიონული სამოქალაქო ფორუმები არასამთავრობო თანამშრომლობის მიღებულ პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ამ ქსელებს შეიძლება გაფართოება სჭირდებოდეს. მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყნების დიალოგი რეგიონებს შორის უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა აღიარონ, რომ მათ სჭირდებათ სხვა ქვეყნებისგან სწავლა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება უფრო ძლიერი, უფრო შემოქმედებითად მომართული და, ეგებ, უფრო წარმატებულიცაა ანტიდემოკრატიული ტენდენციების შეზღუდვის საქმეში. ფაქტია, რომ ამგვარ ტენდენციებს სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში.
დემოკრატიული ლეგიტიმურობის მქონე მთავრობები ხშირად იწყებენ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროვებას. არა დრამატულად, არა ავტორიტარიზმის მშენებლობის გზით, მაგრამ მაინც, საკმარისად იმისთვის, რომ შეგვაშფოთოს, თუკი უფრო ხარისხიანი დემოკრატია გვჭირდება და არ ფორმალური. ამიტომ შთაგონების და გამოცდილების მოძიება ევროკავშირის საზღვრებიდან უფრო შორს შეიძლება იყოს საჭირო.
რას ურჩევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას, ხალხთან კავშირის ნაკლებობას უკიჟინებს და უცხო ქვეყნის ინტერესების განხორციელებას აბრალებს? რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ მათი სამოქმედო გარემო საბოლოოდ არ გაუარესდეს?
არა მგონია, მოქმედების ერთი ან ორი უნივერსალური სტრატეგია არსებობდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ვფიქრობ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნაბიჯების გადადგმა – ადგილობრივ, ხალხთან ახლოს მდგომ პრობლემებზე მეტი საუბარი, პარტიული დაპირისპირებიდან გამიჯვნა, ისეთი იდენტობის, პროექტებისა და იდეების ჩამოყალიბება, რომლებიც კონკრეტული თემების საჭიროებებს ეხმიანება.
ვიტყოდი, ადრევე დაიწყეთ ალიანსების შექმნა და პარტნიორული ურთიერთბების დამყარება სხვა მოთამაშეებთან, ადრეულ ეტაპზევე ესაუბრეთ საერთაშორისო თანამეგობრობას – დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი პრობლემები მუდამ მათი მხედველობის არეშია.
შეეცადეთ, შეიმუშაოთ სახსრების მოზიდვის ალტერნატიული მოდელები, ადგილობრივი წყაროებიდან, დაამყარეთ ურთიერთობები ბიზნეს საზოგადოებასთან. ეს სახსრები შეიძლება დამცავ ფარად გამოგადგეთ.
თუკი გარემო მკვეთრად, მტრულად შეიცვალა, ლიდერებს შეიძლება ქვეყნის დატოვება ან მათი ორგანიზაციების დახურვა მოუწიოთ. შეეცადეთ, იფიქროთ წასულების აქტიურობის შენარჩუნების გზებზე, თუნდაც ფრთხილიად, რათა გარკვეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და გარკვეული აქტივობა შენარჩუნდეს და მზად იყოს რეაგირებისთვის. ბოლო ათწლეულებში ვნახეთ, რომ მაშინაც, როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მოულოდნელად ახალი შესაძლებლობები შეიძლება შეიქმნას.
ერთი სერიოზული ხარვეზი, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედებებში გამოჩნდა ისაა, რომ ისინი ერიდებიან დემოკრატიული გარღვევის პოტენციალის სრულად გამოყენებას. არადა, თუ საკმარისად სწრაფად არ იმოქმედებ, ეს არადემოკრატიულ რეჟიმებს აძლევს შანსს, გადაჯგუფდნენ და აღკვეთონ დემოკრატიული გარღვევა.
ცხადია, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ლეგიტიმურობისათვის ბრძოლა ქვეყნის შიგნით უნდა მოიგონ და დემოკრატიული პოლიტიკისთვის ბრძოლაც თითოეული ქვეყნის შიგნით ხდება, მაგრამ ალბათ უფრო ადრე რომ მოგვეხდინა რეაგირება, შეიძლებოდა დღეს ასეთი სიმწვავის პრობლემების წინაშე არ ვმდგარიყავით. ვფიქრობ, უნდა შევცვალოთ სამოქალაქო საზოგადოების, მისი მოქმედების ფორმების, და დემოკრატიული ტრანსორფმაციის საერთაშორისო განზომილების აღქმა და გაგება.
This post is also available in: English (ინგლისური)