პრემიერი უკრაინის ომსა და საქართველოს „უპრეცედენტო“ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე „ჩვენი უკრაინელი მეგობრების“ მიმართ სოლიდარობა „კიდევ ერთხელ“ გამოხატა და საქართველოს „უპრეცედენტო“ ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას „ყველა საერთაშორისო დონეზე“. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და „ეს პროცესი გაგრძელდება“.

პრემიერის განცხადებით, „მაქსიმუმს“ აკეთებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც, რათა „არცერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა“.

ხაზი გაუსვა რა, რომ ჩვენთვის „კატეგორიულად მიუღებელია ომი [და] ის, რაც ხდება უკრაინაში“, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.

„ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება“, – თქვა მან.

პარალელურად პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებიც დაამშვიდა და თქვა, რომ მიუხედავად „გამოწვევებისა და პროვოკაციებისა“, „ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება“.

ამის შემდეგ, პრემიერმინისტრმა უკვე იანვარში საქართველოს მაღალ – 18%-იან ეკონომიკურ ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე თქმით, „უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც“.

„ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს“, – განაცხადა მან და ამ კონტექსტში ეკონომიკის „ამაჩქარებელი“ პროექტებისა და პროგრამების დაწყების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე „მაღალი ეკონომიკური ზრდის“ შესანარჩუნებლად, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანასთა მინისტრებს – ლევან დავითაშვილსა და ლაშა ხუციშვილს ბიზნესთან „მეტი კომუნიკაცია“ დაავალა.

„ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – მიმართა მან მინისტრებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version