მოსაზრება

მოსაზრება| რუსეთის გლობალურ ამბიციას საომრად შეღერებულმა ანკარამ დაუდო კვანტი

კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის “მუხლებიდან წამოდგომა” განიზრახა. კრემლს მიზანში აშშ-ს მეთაურობით და ევროკავშირის მონაწილეობით შექმნილი საერთაშორისო წესრიგი ჰქონდა ამოღებული და მთავარ მეტოქედაც მხოლოდ აშშ ესახებოდა. ოღონდაც საერთაშორისო წესრიგის მორყევას, ჩანს, მოულოდნელი შედეგიც მოჰყვა – რეგიონული მეტოქეობა გამწვავდა და რუსეთს უკვე თავისი ინტერესების სფეროსთან სულ ახლოს, საომრად შეღერებულ თურქეთთან უწეს საქმის გარჩევა. მთიანი ყარაბაღის სისხლიანი შემოდგომა რეგიონს მომავალშიც კარგს არაფერს უქადის.

ჯაბა დევდარიანი

“სამოქალაქო საქართველოს” მოსაზრებების გვერდის რედაქტორია. ის ყოფილი დიპლომატი და საერთაშორისო საჯარო მოხელეა. ბალკანეთში ეუთოს მისიებში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა.

სანამ ყარაბაღში ომი განახლდებოდა, რუსეთზე საუბრისას ბევრი დასავლელი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ კრემლი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ძირითადად “ამრევის” როლში დაბრუნდა. მიმდინარე კონფლიქტებში დესტრუქციული ჩარევა იაფი ჯდება, არადა დიდი მოგება კი მოაქვს. თანაც, ის მოზრდილი საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებთანაც მარაქაში გარევას პუტინი ცდილობს, თავად შებოჭილი არიან საერთაშორისო წესრიგისათვის დამახასიათებელი სწორედ იმ წესებით, რომელთა შერყევასაც რუსეთი ცდილობს. ამიტომაც, პუტინს მთლად საკადრის და თანაზომიერ პასუხს ვერ სცემენ სირიაში, უკრაინასა თუ, მაგალითად, ვენესუელაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკის “დიდ ბიჭებთან” გატოლება იმისთვის უნდა, რომ თავის სამეზობლოში დაუბრკოლებლად მოქმედების უფლება დაიმკვიდროს. სწორედ ამ, მე-19 საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი თამაშის მობრუნებას ესწრაფვის კრემლი. მაშინ, “ევროპულ ერთა კონცერტის” წევრი კოლონიური სახელმწიფო თავის რეგიონში ჰეგემონური ხელშეუხებლობით სარგებლობდა და სხვათა მხრიდან ხელის ფათურის მცდელობებს მკაცრად აღკვეთდა. პუტინს “ფერადი რევოლუციების” ასე იმიტომაც ეშინია, რომ მათ საკუთარ სამეზობლოზე მეტოქეების მხრიდან შეტევის მცდელობად თვლის. მე-19 საუკუნის წესებით ჰეგემონური სივრცის დაცვა მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ე.წ. “კენანის გრძელი ტელეგრამის” განმეორების შიში, რომლითაც აშშ-ს მხრიდან საბჭოთა კავშირის შეკავების დოქტრინას დაედო საფუძვლად.

ბევრი დამკვირვებელი ამბობდა სულ ცოტა ხნის წინ, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ და დიპლომატიურ წონით კატეგორიასთან შედარებით მაღალ ლიგაში ახერხებს თამაშსო. რუსი, მათ შორის კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსები ხშირად მიანიშნებდნენ, რომ რუსეთისაგან მაქსიმალურად მოშორებულ კონფლიქტებში ჩართვის მიზანი კრემლისათვის სწორედ საკუთარი სასაზღვრო რაიონებიდან ყურადღების გადატანა და ამრიგად სამეზობლოში პრივილეგიების დაბევება იყო.

ოღონდაც, როგორც გამოჩნდა ერთმა რეგიონულმა მოთამაშემ – თურქეთმა – რუსეთი სწორედ ისეთად აღიქვა, როგორიც ის სინამდვილეშია – საშუალო სიძლიერის რეგიონულ ქვეყანად. რეჯებ ერდოღანის მეთაურობით თურქეთი რუსეთზე არანაკლებ ცდილობს საერთაშორისო ისტორიის საათის პირველ მსოფლიო ომამდე დროზე გადაწევას. ახლაც, როგორც მაშინ, რუსეთი და თურქეთი შეიძლება კერძო შემთხვევებში კი თანამშრომლობდნენ, მაგრამ საერთო სამეზობლოში ერთმანეთის მეტოქეები არიან.

ანკარა, მოსკოვის მსგავსად, უნდობლობით უცქერს დასავლეთს და ორპირობაში სდებს ბრალს აშშ-სა და ევროპის დედაქალაქებს. პუტინის მსგავსად, ერდოღანიც იმპერიულ წარსულს ეტრფის და ტრადიციულ, ხშირად რელიგიური იდენტობით დაფერილ ღირებულებებს დასავლური ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების საპირწონედ განიხილავს. ოღონდაც ეს იდეოლოგიური მსგავსება ორ ქვეყანას ისტორიული დაპირისპირების გამეორებისაკენ ჰკრავს ხელს.

თურქეთს, რუსეთისაგან განსხვავებით, ცივი ომის შედეგად დაკარგული გლობალური მნიშვნელობის დარდი არ აწუხებს და თავის ამბიციებს საზღვრებთან ახლოს უმიზნებს. ამიერკავკასიაში თურქეთის მილიტარისტული რიტორიკით, სტატუს-კვოს საწინააღმდეგოდ ღიად შემოსვლა მოსკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.  ახლა კრემლს მოუწევს თავის საზღვრებთან ახლოს, მისთვის მგრძნობიარე რეგიონში დაამტკიცოს, რომ ნამდვილად გლობალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა.

მთიან ყარაბაღზე ხშირად ამბობენ, ერთ-ერთი უძველესი კონფლიქტიაო. ამასთან ერთად, ის პოსტ-საბჭოთა კონფლიქტის შეწყვეტაში რუსეთის მონაწილეობის ერთ-ერთი პირველი მაგალითიცაა. ამიერკავკასიაში დღემდე არსებული მყიფე წონასწორობა და რეგიონული ალიანსები დიდწილად სწორედ ამ კონფლიქტის შემდეგ და შედეგად ჩამოყალიბდა – სომხეთი სამხედრო-პოლიტიკურად მჭიდროდ გადაეჯაჭვა რუსეთს, ხოლო აზერბაიჯანი ეკონომიკურად სულ უფრო დაუახლოვდა თურქეთს. ეს უკანასკნელი უპირველესად ნატოს წევრია და რეგიონში დასავლეთის ბუნებრივ მოკავშირედ განიხილებოდა. ამდენად, თურქეთის გავლით დასავლურ სამყაროს აზერბაიჯანიც ჩაება და ამ ორმხრივ ალიანსს ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოც იმედიანად მიემხრო.

სანამ თურქეთი რეგიონში უპირველესად აშშ მოკავშირე და ნატოს საიმედო პარტნიორი იყო, თანაც ევროკავშირთან დაახლოების გზას ადგა, მისი მოქმედება ამ სტატუსთან დაკავშირებული თამაშის წესებით იყო შემოსაზღვრული. აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ანკარას მხრიდან ძირითადად დიპლომატიური ხასიათისა იყო. აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა კი ვითარდებოდა, მაგრამ ძირითადად ბიზნესის სახით – თურქეთი მზად იყო ნავთობდოლარებით მომძლავრებული ბაქოსათვის მიეყიდა თავისი სამხედრო წარმოების პროდუქცია. ამას ხომ მოსკოვიც არ თაკილობდა.

სირიის კონფლიქტისა და ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის გამო ანკარა ვაშინგტონსაც დაშორდა და ბრიუსელსაც. სამოკავშირეო მოვალეობებისაგან თავი განთავისუფლებულად რომ დაიგულა, თურქეთმა ბევრად უფრო აგრესიული ტონიც მოირგო და სამხედრო თვალსაზრისითაც ისეთ საქმეებში ჩაერთო, ამ სამი წლის წინათ რომ ვერც კი წარმოიდგენდა კაცი.

აქამდე რუსეთი ყარაბაღში იმას ცდილობდა, რომ არც ერთ მხარეს არ მიეღო გადამწყვეტი უპირატესობა და კონფლიქტიც თუ გაყინული არა, ნელი დუღილის ფაზაში ჰყოლოდა. ახლა, როცა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მკიცედ დაადგა ომის გზას და თურქეთის უპირობო მხარდაჭერაც დაიგულა, მოსკოვს მანევრის თავისუფლება მკვეთრად შეეზღუდა. რუსეთს შეუძლია სომხეთი მის ტერიტორიაზე თავდასხმისაგან დაიცვას და ამას ალბათ გააკეთებს კიდევ. ოღონდაც აზერბაიჯანის (და, ვინ იცის, ეგებ თურქეთის) ჯარებთან სახმელეთო ბრძოლაში შესვლას შეეცდება შეძლებისდაგვარად თავი აარიდოს. აქამდე თუ მივიდა საქმე, კრემლი ბაქოსთან ურთიერთობებს ხომ საბოლოოდ გაიფუჭებს და შუა აზიის სახელმწიფოებსაც დააფრთხობს.

აქ კი უსაფრთხოების ალიანსების დილემას მივადექით. რუსეთი დასავლურ ინსტიტუტებს კი თათხავს, მაგრამ როცა თავისას აშენებს, სწორედ დასავლურ გამოცდილებას ეყრდნობა ხოლმე.  კუხო (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ნატოს თარგზეა მოჭრილი ისევე, როგორც ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანება იმეორებს ევროკავშირის სტრუქტურას. ჰოდა, ბედის ირონიით, დღეს კუხო იმავე განსაცდელის წინაშე დგას, რასაც ნატოში “მეხუთე მუხლის დილემას” უწოდებენ ხოლმე – სომხეთმა რომ კუხოს დახმარებისათვის მიმართოს და ამ ორგანიზაციამ ხელი არ გამოიღოს, კაპიკი იქნება მისი ფასი და რუსეთის პრესტიჟსაც არ დაადგება კარგი დღე. არადა, ცხადია, რომ შუა აზიის სახელმწიფოები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას თავს აარიდებენ, ხოლო ალექსანდრ ლუკაშენკოს თავისი გაჭირვებაც ჰყოფნის, რომ ჯარები კავკასიაში არ აგზავნოს.

ამიტომაც კრემლი დღეს სტრატეგიულ გზაჯვარედინზეა. თუკი გლობალური გავლენის შენარჩუნება სურს, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად შეუძლია შეეცადოს ყარაბაღში მშვიდობის მოძიებას. ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, მაგალითად საფრანგეთის ემანუელ მაკრონს, რომელიც რუსეთთან “უსაფრთხოების დიალოგის” მომხრეა, ეს ძალიანაც გაუხარდება და იტყვის, რუსეთი, როგორც იქნა, კონსტრუქციულ როლსაც თამაშობსო.

ოღონდაც ამგვარი მოქმედება რუსეთის იმ დოქტრინას გადაუსვამს მსუყე ხაზს, რომლის თანახმადაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კრემლი მაქსიმალურად ცდილობდა დასავლელი და საერთაშორისო აქტორები სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სამშვიდობო სტრუქტურებიდან გაეძევებინა. სწორედ რუსეთმა მოუღო ბოლო საქართველოში, აფხაზეთში გაეროს მისიის, ცხინვალის რეგიონში კი ეუთოს საქმიანობას. ბაქომ და ერევანმა თავისით, ოღონდ რუსეთის ლოცვა-კურთხევით მოიშორეს ეუთოს მისიები თავიანთ დედაქალაქებიდან 2015 და 2017 წლებში.

მეტიც, დასავლურ მოთამაშეებთან ერთად ყარაბაღის ომის მოგვარებაში ჩართვა სწორედ მრავალმხრივი დიპლომატიის იმ პრინციპების მიღება იქნება, რომელთაც პუტინის კრემლი აქამდე ასე გულდასმით ებრძოდა. ისიც არაა გამორიცხული, რომ ყარაბაღში დახმარების ფასად მოსკოვს ახალმა პარტნიორებმა იმავე საერთაშორისო წესრიგის პრინციპების დაცვა მოსთხოვონ სირიაში, უკრაინაში და საქართველოშიც.

სწორედ ამ ჭმუნვაში გართული მოსკოვი ჯერჯერობით ყარაბაღში პარალიჩის ნიშნებს ავლენს. კრემლი ალბათ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის შეტევა მალევე ჩაფლავდება და მოლაპარაკებების კარიც თვითონ გაიხსნება – ამ კარის ზღურბლთან ყველაზე ახლოს ხომ ჯერაც რუსეთი დგას. ოღონდაც ბაქოც და ანკარაც იმდენად გაერთნენ ომისმოყვარული რიტორიკით და ისეთი იმედები ჩაუსახეს თავის ხალხს, რომ ხელშესახები წარმატების ჩვენების გარეშე ბრძოლის შეწყვეტა გაუჭირდებათ.

ყარაბაღის ომის ყოველი დღე რუსეთს “უბნის მაყურებლის” სტატუსს ძირს უთხრის. რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში სიცარიელე ჩნდება და, როგორც თავად რუსებს უყვართ ხოლმე თქმა, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ რჩება. ყარაბაღის მიმდინარე ომი ალიანსების გადალაგებისა და თანამდევი რეგიონული არასტაბილურობის, ახალი ცხელი თუ ნელ-თბილი კონფლიქტების მომასწავებელია.

(სტატია “სამოქალაქო საქართველოს” გვეერდზე პირველად ინგლისურად, 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა)

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button