Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 16 სექტემბერი

🇬🇷🇹🇷 🇨🇾ხმელთაშუა ზღვაში ერთმანეთზე სამკვდროდ წაკიდებულმა თურქეთმა და საბერძნეთმა როგორც იქნა აიღეს თურმე ხელი შემართული ჩახმახიდან. ეგებ ევროკავშირის შუამავლობის გამოისობითაც თურქეთს თავისი საკვლევი გემი საკუთარსავე პორტში მიუბრუნებია. ათენი ამ ნაბიჯს კმაყოფილებით გამოხმაურებია: აქაურ პრემიერს უთქვამს, კეთილგონიერებამ გაიმარჯვა და ამიერიდან უნდა შევეცადოთ სიმშვიდისაკენ გზა დინჯად გავკვალოთო. ოღონდაც ოდითგანვე ასეა – ჩხუბი და აყალ-მაყალი რომ დაწყნარებისკენ მიდის, მამლაყინწა მოკავშირე შეიძლება უფრო სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე მტერი. აი, ახლაც, ანკარა და ათენი კი დგამენ ნაბიჯებს თურმე სიმშვიდისკენ, ოღონდაც ნიქოზია არადა არ წყნარდება. ევროკომისიას ჩაჯინებია თურმე, სანქციები დაგეგმილზე მეტ ხალხსა და კომპანიებს უნდა დააკისროთო და ამ სიაში ფრიად მაღალჩინოსანი თურქიც შეუყვანია. ეს რომ მოვიმოქმედოთ, მინავლებული ხანძარი კვლავაც აგიზგიზდებაო, შიშობენ ბრიუსელში. და მართალიც არიან…

🇧🇾🇪🇺 🇨🇾 ამასობაში, გაჯიქებული კვიპროსი სანქციების საკითხით ბელარუსიაზე გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს – ჯერ ჩვენი საზრუნავი მოგვაცილეთ და მერე თქვენსას მივხედოთო. ამგვარი საქციელის გამო, კონსენსუსის წესით გადაწყვეტილებების მიღების წესზე ბევრი დედაქალაქი იღრინება უკვე და შეიძლება კვიპროსმა ამდენ თხრაში კატაც გამოთხაროს. ოღონდ ამასობაში, ბელარუსში ერთი პირობა შემცბარი ლუკაშენკო და მისი ჟანდარმები სულ თავს გავიდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემას, დაკავებასა და დაშინებას მოუხშირეს. “ევროპის განახლების” პარტია (მაკრონის პოლიტიკური ოჯახი) აპირებს ბელარუსი დემონსტრანტები პრესტიჟულ “სახაროვის პრემიაზე” წარადგინოს, მაგრამ პრემია რომ ამ საქმეს არ უშველის, მათაც კარგად უწყიან. ამასობაში, ლიტვა შფოთავს თურმე, ბელარუსი და რუსეთი ჩვენს საზღვარზე სამხედროებს შეტევით ოპერაციებში წვრთნიან და არა თავდაცვითშიო.

🇷🇴 დიდი ამბავი მომხდარა ბუქარესტში – აქ სოციალისტური რეჟიმის დამხობიდან პირველად მეტროს ახალი ხაზი გაუხსნიათ. პროექტს 2008 წელს ჩაყრია საფუძველი და მას მერე თურმე იმდენად გაჭიანურდა, რომ რუმინეთის “არაშენდად” იქცა თურმე, სანამ 2011 წელს ევროკავშირმა არ მოუფონა თავი ქისას და წაუკრა ხელი მშენებლობის დასრულებაზე. ახლაც, სადგურები კი გაუხსნიათ, მაგრამ მუშაობა საბოლოოდ დასრულებული კვლავაც არაა და ახალ მატარებლებზე ჯერ ტენდერიც არ გამოუცხადებიათ – დაფხავებულით გადიან თურმე იოლას.

🇪🇺 და ბოლოს, დღის მნიშვნელოვანი ამბავიც ვახსენოთ – ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერთ, ურსულა ფონ დერ ლეიენი თავისი პირველი საანგარიშო გამოსვლით წარდგება ევროპარლამენტის წინაშე. ამ გამოსვლის ზუსტი ტექსტი ევროკომისიის თავმჯდომარის უახლოესმა ასისტენტებმაც არ იციან – ქალბატონი ურსულა თურმე მთელი ღამე ასწორებდა ტექსტს. შინაარსი კი მეტნაკლებად ცნობილია – საუბარი ევროკავშირის ახალ პასუხისმგებლობებს, კოვიდის კრიზისიდან გამოსვლის გზებს და ევროპის გარშემო არეულობას შეეხება. უფრო დაწვრილებით ამაზე ხვალ მოგიყვებით.

მსგავსი/Related

Back to top button