ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 11 სექტემბერი

🇬🇧🇪🇺ბრექსიტის ჭირს ვერვინ მოთვლის: ლონდონში გერმანელ ელჩს უთქვამს, ცხოვრებაში პირველად ვხედავ თითქოს ჩვეულებრივ მიმდინარე მოლაპარაკებები ასე სწრაფად ქცეულიყო ღვარძლადო. მართლაცდა, ბრიუსელთან ეკონომიკური გაყრისა და ვაჭრობის შესახებ საუბრები ნელა, მაგრამ თითქოს წესიერად მიდიოდა, ოღონდაც უცბად ბრიტანეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადწყვიტა, თვალი დაუდგეს ევროპასო და პარლამენტში შეტანილი კანონით მის მიერვე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევას ლამობს. ევროკომისიის ხელმძღვანელებმა უკვე თქვეს, კარგი ამას არაფერი მოჰყვებაო. აშშ კონგრესი ამბობს, ირლანდიასთან საზღვრის საკითხის წამოჭრა კუნძულზე მშვიდობას დაარღვევს და ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობაც დაივიწყეთო. მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი – ვესტმინსტერის ამჟამინდელ მეთაურებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი ქარაფიდან კისრით გადაშვება. ყველაზე ცუდ დღეში ირლანდიის პრემიერ-მინისტრია: ოფიციალურად კვლავაც ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმებას გულშემატკივრობს, მაგრამ სინამდვილეში ფიქრობს, მე რაღა წყალში გადავვარდეო. ასეა თუ ისე, ევროკავშირი სამეზობლოსთან ისეთ დღეშია, მტერს არ უსურვებს კაცი: თურქეთი კუნთებზე იცქირება, რუსეთს შხამიანი ფიალა მოუმარჯვებია, ბრიტანეთი როჩესტერის პირველი მეუღლესავით იქცევა, აშშ-ს კი თავისი გასჭირვებია და ოკეანის გადმოღმა აღარც იცქირება…

🇬🇷🇩🇪🇦🇹 საბერძნეთის უდიდეს ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილმა ხანძარმა ისედაც სავალალო დღეში მყოფი ხალხი კიდევ უფრო გააუბედურა. ევროპულ დედაქალაქებში როგორც იქნა ყურები გამოიფხიკეს და იძულებული გახდნენ მათ დასახმარებლად ხელი გამოეღოთ. გერმანიამ და საფრანგეთმა თქვეს 400-მდე უდედმამო არასრულწლოვანს მივცემთ თავშესაფარსო. აი ავსტრიაში კი ამავე საკითხზე მმართველი კოალიციის ორი პარტია შეეხალა ერთმანეთს: კანცლერ კურცის მოკავშირეებმა თქვეს, არ ვაპირებთ ახალი დევნილების მიღებასო, მათმა პარტნიორმა – მწვანეთა პარტიას კი უთქვამს, ჩვენთვის ეს არაა მისაღებიო. დასხდებიან ამ კვირაში და იმედია მოითათბირებენ, თორემ რომ არა მიგრაციის თემაზე აზთა მკვეთრი სხვადასხვაობა, ჯერჯერობით ქვეყანას რიგიანად მართავდნენ…

🇧🇬 ბულგარეთში უკვე 64 დღეა, რაც მთავრობაში გაბატონებული კორუფციის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი სახალხო გამოსვლებია. არ მოგხვედრიათ თვალსა და ყურში ხომ?! ასეა, საერთაშორისო მედიის თვალსაწიერი იწრო არს და როცა აქეთ ბელარუსი, იქეთ თურქეთ-საბერძნეთის არეულობა, ზემოდან კიდევ პანდემიის ახალი ტალღა ემატება, ბევრი რამ უბრალოდ არ სწვდება მეზობელი ქვეყნების ყურსაც კი, ბრიუსელს რომ თავი დავანებოთ. ბულგარელები ამაოდ ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ ამიტომაც უკვე ბრიუსელში, ევროკომისიის წინ დაუციათ კარავი – თქვენი ფულებით მთავრობა მდიდრდება და ხელი გამოიღეთო. სოფიაში პრემიერ-მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

🇬🇷 თურქეთთან სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობით შეშფოთებულმა საბერძნეთმა ჯიბიდან საკრედიტო ბარათი ხმალივით იშიშვლა და შესაჭურვად გაემართა. ათენი 1.5 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს სამხედრო თვითმფრინავების, რაკეტების, ვერტმფრენებისა და ვინ იცის კიდევ რა სასიკვდილო საქონლის შესაძენად. არაა გასაკვირი, რომ ამ ცის მანანით პირველ რიგში თურქეთთან კონფლიქტში საბერძნეთის გულითადი მეგობარი, საფრანგეთი იხეირებს. თურმე ათენი 18 “რაფალის” ტიპის მოიერიშის შეძენას ლამობს და უკვე არსებულ ფრანგულ მოიერიშეებს აღჭურვილობას შემატებს. “რაფალების” გაყიდვას პარიზი უკვე რა ხანია უშედეგოდ ცდილობს და ეკონომიკური დაღმასვლის გზაზე ეს კონტრაქტი გულს მალამოდ მოეფინება მატინიონის სასახლეში…

🇧🇪 ერთი შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო ამბით დავასრულოთ: ბელგიურ ქალაქ ვერვიერსში თურმე ლეგენდად დადიოდა ცნობა, აქაოდა 1839 წელს მშენებარე სახლიდან ჩამოვარდნილი აქაური მერის გული ქალაქისვე გულში, შადრევნის ქვეშააო დამარხული. ეს კაცი, პიერ დავიდი, რამდენჯერმე ყოფილა ამ ქალაქის თავკაცი – ჯერ სანამ ის საფრანგეთის ნაწილი იყო და მერე უკვე დამოუკიდებელი ბელგიის დროს. ქალაქი დაუმშვენებია, ბევრი სიკეთე გაუკეთებია და აქაურებს ფრიად უყვარდათ თურმე. ჰოდა, თურმე ნუ იტყვით, ამ დღეებში ქალაქს შადრევნის შეკეთება დაუპირებია, ქვაფენილი აუყრიათ და – ჰოი საოცრებავ – ყუთში ფორმალდეჰიდში ჩაძირული მერის გული მართლაც აღმოუჩენიათ. სანამ სამუშაოები გრძელდება, კეთილი მერის გული დროებით ქალაქის მუზეუმში განისვენებს, შემდეგ კი შადრევნის ქვეშ, ქალაქის გულშივე დააბრუნებენ….

მსგავსი/Related

Back to top button