ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 8 ივლისი

🇺🇩🇪გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ბრიუსელს სტუმრობს თურმე. ამჯერად უკვე ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერის ამპლუაში. დატვირთული დღის წესრიგი ჰქონია ფრაუ მერკელს. მართლაც, დასტა საკითხებია გასარკვევი – აქეთ დახმარების გეგმა და ხელმომჭირნე ქვეყნების დაყოლიებაო, იქით გაჭირვებული სამხრეთ ქვეყნების მოთაფვლა, რომ დახმარების სანაცვლოდ სათანადო რეფორმები გაატარონ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტია დასამტკიცებელი. დღის მეორე ნახევარში ფრაუ მერკელი ევროპარლამეტის პლენარულ სხდომასაც დაესწრება, სადაც ამ საქმეში პარლამენტის გაზრდილ როლს განიხილავენ. აქვე მოგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს, ბიუჯეტისა და ეკონომიკური დახმარების გეგმის განხილვისას პარლამენტის როლის გაზრდა და მეტი ჩართულობა მოითხოვა. სამშაბათს ეს მოთხოვნები ოფიციალურად პარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის უდეპეშეს და სთხოვეს, ჩვენი ხმა გააგონე, სადაც ჯერ არსო. საღამოს კანცლერი მერკელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან განმარტოვდება. სალაპარაკო მათაც ბევრი აქვთ. ბოლობოლო, ტყუილად ხომ არ ქირქილებენ ბრიუსელში მერკელი და მაკრონი მიშელის გასაკეთებელ საქმეს აკეთებენო. თუმცა, უნდა ითქვას, ამ ძნელბედობისას, ევროკავშირის სათავეში ძლიერი გერმანიის ხილვას ყველა მიესალმება და ბევრიც იმედით შესცქერის ქალბატონ მერკელს.

🇪🇺 ნაკოვიდალს ევროკომისიას ეკონომიკური პროგნოზის განახლებული დოკუმენტი გამოუქვეყნებია. როგორც მოსალოდნელი იყო, ჭაკადაა ევროპული ეკონომიკის საქმე. იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ყველაზე მძიმედ დაზარალდებიან, მათი ეკონომიკური ვარდნა ორნიშნა ციფრებით მოხდებაო, ამბობენ. პოლონეთის ეკონომიკური ვარდნა კი სულ რაღაც 4.6%-ითაა ნავარაუდევი, რაც მოულოდნელობაა. ეს ციფრები ბიუჯეტისა და კოვიდის შედეგების სალიკვიდაციო დახმარების შესახებ ვაჭრობაში თავის როლს ითამაშებს და შეიძლება კანცლერ მერკელსა და პრეზიდენტ მაკრონს თითქმის უკვე დალაგებული ხელი აურიოს…

🇷🇸 ნუ იტყვით და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი გერმანიის ისტორიით ყოფილა გატაცებული. ამ ბოლო დროს ბევრი ვიკითხე გერმანიაზე და პარალელებიც აღმოვაჩინეო, მორცხვად აღიარა პრეზიდენტმა ინტერვიუში. გერმანიასაც ბლომად მიწების დათმობა მოუწია, რომ ევროკავშირის გული მოეგო და ისევ მიეღოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრადო. ნუთუ იმას გულისხმობთ, რომ სერბეთი კოსოვოს დათმობს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდო, უკითხავთ გაოცებულ ჟურნალისტებს. მთლად მასეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ ყველაფერი ხომ მიწის ნაგლეჯი არააო იკითხა ვუჩიჩმა (ალბათ რიტორიკულად). მე ერთი პატარა კაცი ვარ ბალკანეთიდანო, ჯიუტად იმეორებდა თურმე ვუჩიჩი ინტერვიუს დროს. რამდენად დაეჯერება ორმეტრიან სერბ პრეზიდენტს ეს თავმდაბალი სიტყვები, კიდევ საკითხავია. წლებია უკვე, ვუჩიჩი სერბეთში გავლენას იმყარებს და აგერ, გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ სტაბილური 60%-ით კიდევ 4 წლით დაიბევა მართვის სადავეები. ჰოდა, აგერ, კოსოვოს აღიარების იმედიც ააფრიალა ვუჩიჩმა, თუმცა დაუმატა, სანამ წევრობის გარანტიას არ მივიღებთ, კოსოვოს საკითხში ფეხს არ მოვიცვლიო. ამით მიანიშნა ევროპელებს, ვივაჭროთო.

🇷🇸 სერბეთში დავრჩეთ: იქაური სატირული გამოცემები ჯერ კიდევ გუშინწინ ხუმრობდნენ, ვუჩიჩმა ისე დააყენა საქმე, აწი რაც არ უნდა აღმაშფოთებელი რამ თქვას, პასუხს აღარავინ მოსთხოვსო. თუმცა გუშინ დადასტურდა, რომ არც მთლად ასეა საქმე. აი რა მომხდარა: აქაოდა, ბელგრადში კორონავირუსის ვითარება კვლავაც დამძიმდაო, ვუჩიჩმა დედაქალაქში 10-13 ივლისს ხანგრძლივი კომენდანტის საათი გამოაცხადა. ამის გაგონებაზე იხუვლა ხალხმა და ათასობით შეიკრიბა პარლამენტის წინ თურმე. საქმე ისაა, რომ პანდემიის დაწყებისას ვუჩიჩის კაბინეტმა კორონას საფრთხე აინუნშიაც არ ჩააგდო. ის კი არადა, ჯანდაცვის მინისტრი პირბადიან ხალხს დასცინოდა. მერე კი უეცრად სამხედრო ძალები გამოიყვანეს ქუჩებში და იმდენად მკაცრი კომენდანტის საათი დააწესეს, რომ ხანშიშესული, „რისკის ჯგუფის“ ადამიანები დილის ოთხ საათზე თუ გადიოდნენ საკვებ-სანოვაგის საყიდლად. ჰოდა, ჩანს, მოთმინების ფიალა აივსო. პარლამენტის წინ შეკრებილი სერბი ახალგაზრდების ნაწილი პოლიციას შეხლია, პარლამენტში შეჭრაც უცდია და რამდენიმეს შენობაში შეუღწევია კიდევ. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა და 23 კაციც დაუკავებიათ, დემონსტრანტებიც და პოლიციელებიც დაშავებულან. ახლა რა ხდებაო იკითხავთ? ჩვენ კი მხოლოდ ჩავიღიმებთ – რა უნდა ხდებოდეს, ოპოზიცია პოლიციის ძალადობის გამოძიებას მოითხოვს, მთავრობა კი ოპოზიციას ჯანყის მოწყობაში ადანაშაულებს. გეცნოთ, არა?!

მსგავსი/Related

Back to top button