მოსაზრებაპარტნიორებისგანწერილები

USAID საქართველოს კორონა ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მათ შორის ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას და ქვეყნის გაძლიერებას

Tags

რესპონდენტი – პიტერ ვიბლერი USAID/საქართველოს მისიის დირექტორი


ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობა საერთო სტრატეგიულ ინტერესებს და ღირებულებებს ეფუძნება. ამ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). ჩვენი პროგრამების საშუალებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვას, მათ შორის პანდემიებისგანაც.

მაისში საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და გარკვეული შეზღუდვები შეამსუბუქა.  საქართველომ ეს ნაბიჯი სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე  გადადგა, რაც განაპირობა იმან, რომ  ქვეყანამ ეფექტურად შეძლო პანდემიის მართვა. საქართველოს მთავრობის, სამედიცინო დარგის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და უბრალო მოქალაქეების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი დადებითი შედეგის მიღება.

კორონა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს  წარმატებას ხელი მისი მეგობრების და მათ შორის ამერიკის მხარდაჭერამაც შეუწყო. ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მიზნად ისახავს ქვეყნის იმ დონემდე გაძლიერებას, რომ მან თავად შეძლოს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, მათ შორის კორონა ვირუსის მსგავსი პანდემიებისაც.  პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში ერთად ვებრძვით პანდემიას და საფუძველს ვუყრით ეკონომიკის აღდგენას.

USAID-ის სწრაფი რეაგირების პროგრამა

USAID-მა კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად მარტიდანვე რამოდენიმე მყისიერი დახმარება გაუწია საქართველოს- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ფარგლებში შევიძინეთ ტესტები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, ვიდეო კონფერენციისთვის განკუთვნილი აპარატურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის, რაც გააადვილებს ცენტრის კოორდინირებულ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი დახმარება ხელს უწყობს სამედიცინო სექტორს  პანდემიის უსაფრთხოდ მართვაში.  ვიმუშავეთ  საზოგადოების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის კუთხითაც.

საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან პარტნიორობით დავეხმარეთ ქვეყნის მოწყვლად მოსახლეობას. USAID-ის მხარდაჭერით წითელი ჯვრის მოხალისეებმა 40 000-ზე მეტი ადამიან გადასცეს დახმარება – სურსათი და პირველადი დანიშნულების ნივთები. ამასთანავე, მოხალისეები მოსახლეობას  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფენ და საჭიროების შემთხვევაში  ფსიქოსოციალურ დახმარებასაც უწევენ.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა  პანდემიის დროს მოსახლეობის მნიშვნელოვანი საჯარო სერვისებით უზრუნველყოფასაც მოიცავს.  ამის კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან. კერძოდ, მასწავლებლებს ვუზრუნველყობთ რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს მათ დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვაში.   იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობის საკითხებზე ხელს ვუწყობთ შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ონალინ. ასეთებია იურიდიული დახმარების სამსახური და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.კრიზისთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაზე  ვთანამშრომლობთ საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რაც საქართველოს მთავრობას დაეხმარება კიდევ უფრო ეფექტურად შეხვდეს შესაძლო კრიზისებს მომავალში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებით მომავალში  გამარტივდება ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა.

ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების და იმ ორგანიზაციების გარეშე, რომლებიც დახმარებას უწევენ მოწყვლად მოსახლეობას. სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ მედიასთან ერთად მოხუცებს ვეხმარებით სურსათით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კი სოციალური მომსახურეობით, ხელს ვუწყობთ ჯანდაცვის წარმომადგენლების გადამზადებას, მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას კორონა ვირუსის და მისი პრევენციის შესახებ.  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჩვენი  პარტნიორები ახალგაზრდებთან ერთად  არიან ჩართულნი ვირუსის პრევენციის ღონისძიებებში.

პანდემიის   შემდეგ…

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, კორონა ვირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკასაც. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბიზნესის დახმარების  და კრიზისის დაძლევის მიზნით.   მუშაობის უწყვეტად გაგრძელების მიზნით ბიზნესი ინოვაციურ გზებს ეძებს. USAID კერძო სექტორის გაძლიერებით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.

მარტში პრემიერ მინისტრის ოფისმა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის ეროვნულ გეგმაზე იწყებდა მუშობას, ტექნიკური დახმარების თხოვნით მოგვმართა.  ჩვენ მყისიერად ვუპასუხეთ ამ მოთხოვნას და მოვიწვიეთ  საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სწრაფი რეაგირების გეგმის შემუშავებაში, რაც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების აღდგენას და საქართველოში პანდემიამდე მიღწეული ეკონომიკური შედეგების დაცვას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ხელს ვუწყობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკის აღდგენის პროცესში პრიორიტეტს კერძო სექტორს მიანიჭებს.

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგია, რომელშიც  სურსათის უვნებლობას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.  USAID ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ექსპორტს, ფერმერების შემოსავლების ზრდას. წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც ფერმერებს კარტოფილის სექტორის გაძლიერებასა და  მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. განხორციელებულ ინვესტიციების შედეგად ველით  დადებითი შედეგს თხილის სექტორშიც. საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან  ერთად შევიძინეთ აზიური ფაროსანას განადგურებისათვის საჭირო, 800 000 დოლარის ღირებულების  ახალი აღჭურვილობა.  ამ  მხარდაჭრის, ქართველი პარტნიორების, კერძო სექტორის, დონორების და მთავრობის  მიერ განხორციელებული მუშაობის შედეგად  შემოდგომაზე თხილის ხარისხიან მოსავალს ველით.

კორონა ვირუსის პანდემიამ განსაკუთრებით  ტურიზმის სექტორი დააზარალა. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა და ტუროპერატორები ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების მიღებისთვის აქტიურად ემზადებიან.  ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. საქართველო კარგად უმკლავდება პანდემიას და ჩვენც აქტიურად ვეხმარებით ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მზადყოფნას როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტების მისაღებად.

COVID-ის შემდგომი ეკონომიკა  განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე იყო. იქნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, ახალი ბაზრების და ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლების მოძიების ახალი შესაძლებლობები. ვთანამშრომლობთ ორ ორგანიზაციასთან -საქართველოს ელ-კომერციის ასოციაციასთან და საქართველოს ICT კლასტერთან, რათა  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს დავეხმაროთ ონლაინ იმუშაონ  თავიანთ მომხმარებლებთან. ამისთანავე, ვპარტნიორობთ საერთაშორისოდ აღიარებულ ელ-კომერციის პლათფორმასთან, რათა გლობალურ ბაზარზე გასვლაში ხელი შევუწყოთ  ხელოვნების  წარმომადგენლებს. USAID-ის მხარდაჭერა ინოვაციების კუთხით  მოიცავს სოფლის მეურნეობის პროგრამასაც.  სოფლის მეურნეობის ჩვენი პროგრამა ინოვაციების დასაფინანსებლად აგრძელებს განაცხადების მიღებას. ამ გრანტების ფარგლებში, მხარს დავუჭერთ ახალ იდეებს და გზებს, რომლებიც მოიცავს საკვები პროდუქტების გაუმჯობესებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და დასაწყობებას. თითოეული ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია და შედეგად  ხელს შეუწყობს ქვეყანის  ეკონომიკის ზრდას. 

მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატია

პანდემიის დროს USAID აგრძელებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების უზრუნველყოფას.  ამჟამად საარჩევნო  რეფორმების მხარდაჭერასა  და საქართველოს მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლიანი საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ. ვთანამშრომლობთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და კორონა ვირუსის პანდემიის დროს არჩევნების მზადებისას ვირუსისგან გამოწვეული საფრთხეების მინიმალურ დონემდე დაყვანაზე.  ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  და საქართველოს ICT კომპანიასთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადავეცით თანამედროვე ტექნიკა, რაც კიდევ უფრო გააადვილებს სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

ეს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. პანდემიის დროს და მას შემდეგაც USAID გააგრელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში  ინტეგრაციას; ქვეყანამ კი შექმნას უფრო დემოკრატიული, წარმატებული და ინკლუზიური საზოგადოება. USAID-ის მხარდაჭერით საქართველო გახდება უფრო ძლიერი ქვეყანა, სადაც მოქალაქის ხმას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button