Placeholder canvas
ახალი ამბები

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში „მინიმალური ხელფასის“ შესახებ

ფრიდრიხ ებერტის ფონდმა“ (FES) 27 მაისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულების ¾ მინიმალური ხელფასის შემოღებას ემხრობა. მათთვის მინიმალური ხელფასის მისაღები საშუალო ოდენობა 854.1 ლარია.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მინიმალური ხელფასის შემოღებას მხარს სრულად 48%, ნაწილობრივ კი – 27% უჭერს. 12% მინიმალური ხელფასის შემოღებას ნაწილობრივ ან სრულად ეწინააღმდეგება. 12%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

„დასაქმებული და უმუშევარი რესპონდენტები ღირსეული ანაზღაურების ოდენობას განსხვავებულად აღიქვამენ. თუმცა სათანადოდ მიჩნეული ხელფასი დასაქმებულთა უმეტესობისთვის არცაა ხელმისაწვდომი“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევისთვის საჭირო საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა), 2020 წლის 2-7 აპრილის პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 1 351 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის ცდომილების თეორიული ზღვარი 2.67%-ს არ აღემატება.

გამოკითხულების მიერ ღირსეული მინიმალური ხელფასის საშუალო აღქმული ოდენობა (854.1 ლარი), ქვეყანაში არსებულ საარსებო მინიმუმს ოთხჯერ, მინიმალურ ხელფასს კი – ორმოცჯერ აღემატება.

ამასთან, კვლევის მიხედვით, კაცები, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები და ეთნიკური ქართველები „ღირსეულ“ მინიმალურ ხელფასად უფრო მაღალ რაოდენობას ასახელებენ, ვიდრე ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

აგრეთვე, დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი პროფესიისთვის საშუალო ღირსეულ ანაზღაურებად 1 457 ლარს მიიჩნევენ. უმუშევრებისთვის კი – ეს მაჩვენებელი1 288 ლარია.

1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა 20 ლარია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button