skip to content
ევროპამათი თვალით

ევროკავშირი: რისი გაკეთების უფლება აქვს მას პანდემიის დროს?

პანდემიის მიმდინეობისას ევროკავშირს ბევრი ქვა ესროლეს – ზოგი დამსახურებულად და ზოგიც ბოროტი განზრახვით. ღიმილისმომგვრელია, რომ ევროკავშირს კრიზისებისას სახელმწიფოსავით მოქმედებას ხშირად სწორედ ის ხალხი სთხოვს, ვინც ჩვეულებრივ ბრიუსელს აკრიტიკებს – დედაქალაქებს სუვერენიტეტი წაართვიო. შევეცადოთ გავიაზროთ, რისი უფლება აქვს ევროკავშირს პანდემიის ვითარებაში და რისი – არა.

მარტივით დავიწყოთ: ევროკავშირის მოქმედების ველი პანდემიის პირობებში შეზღუდულია, რადგან ჯანდაცვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.

ევროკომისიას შეუძლია მხარი დაუჭიროს წევრი ქვეყნების მოქმედებებს ანდა გაუწიოს მათ კოორდინირება. მას ასევე შეუძლია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციები და რჩევები მისცეს, თუმცა მათი შესრულება დედაქალაქებისათვის სავალდებულო არაა.

ეს წესი ევროკავშირის ფუნქციონრების შესახებ ხელშეკრულების 168-ე მუხლშია გაწერილი. სწორედ ეს ხელშეკრულებაა ევროკავშირის სამართლებრივი საფუძველი.

აქ ვკითხულობთ, რომ ევროკავშირს შეუძლია „ეროვნული პოლიტიკის ხელშეწყობა“ და წევრ ქვეყანათა შორის „თანამშრომლობის წახალისება“.

ევროკომისიას – ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს – სამი სახის უფლებამოსილება გააჩნია. ექსკლუზიური – სადაც მხოლოს მასა აქვს გადაწყვეტილების უფლება; გაზიარებული – სადაც მთავრობებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს; და – მხარდამჭერი.

პირველი, ექსკლუზიური კომპეტენცია ვაჭრობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს მოიცავს. აქ ევროკავშირი ამბობს გადამწყვეტ სიტყვას.

მეორე, გაზიარებული კომპეტენცია ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ანდა ევროკავშირის საერთო ბაზარი. ამ სფეროებში ევროკავშირიც აგვარებს თამაშის წესებს და წევრი ქვეყნების კანონმდებლებიც.

მესამე სფეროში კი ძალაუფლება მთლიანად წევრი ქვეყნების ხელშია, ევროკავშირს შეუძლია ხელი შეუწყოს მათი გადაწყვეტილებების განხორციელებას.

ბრიუსელში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტის, ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) მკვლევარი, სიმონა გალიარდო გვეუბნება: „სწორედ ამ, მესამე კატეგორიაში შედის ჯანდაცვის დარგში ეროვნული პოლიტიკისა და ღონისძებების მხარდაჭერა“. მისი თქმით, „როცა საქმე საქმეზე მიდგება, [ამ დარგში] სწორედ წევრ სახელმწიფოების სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად ერთსულოვნად იმოქმედებენ ისინი და რამდენად გაითვალისწინებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს“. 

სტივენ ბლოკმანსი, მეორე კვლევითი ინსტიტუტის – ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (EPRC) ექსპერტი გვეუბნება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არასოდეს გადაუციათ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის, ამ ზე-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის კომპეტენციაში.

„ჯანდაცვის სფერო საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია და ამდენად ეროვნულ კომპეტენციაში დარჩა“,  გვეუბნება ბლოკმანსი. მისი თქმით, ჯანდაცვის კომპეტენციის ეროვნული ზედამხედველობის ქვეშ დატოვების ერთ-ერთი მიზეზი შიდა-პოლიტიკურია – სოციალური სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება ევროპის ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ძალიან მაღალია. თანაც, მთავრობებისა და მმართველი კოალიციების ცვლილება ამ სფეროში ხშირად საგრძნობ ცვლილებებს იწვევს. მეორე მიზეზი კი ქვეყნების იდენტობას უკავშირდება: სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში რესურსების გადანაწილების არჩევანი მკვიდრადაა სწორედ შიდა-ეროვნული კონსენსუსისა და ტრადიციის ნაწილი.

ყველაზე თამამი პრო-ევროპელი მოაზროვნეებიც კი გაურბიან ჯანდაცვის საერთო კომპეტენციაში მოქცევაზე საუბარს. მაგალითად, პოლიტოლოგმა ფილიპ შმიტერმა ევროკავშირის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის სახელით საერთო მინიმალური შემოსავლის დაწესებაც კი მოიაზრა, მაგრამ საერთო ჯანდაცვის სისტემაზე სიტყვაც არ დაუძრავს. მეორე მოაზროვნე, ლუუკ ვან მიდელაარი პირდაპირ წერს თავის წიგნში „გზა ევროპისაკენ“, რომ სოციალური და ჯანდაცვის სისტემების „გაევროპულება“ თითქმის წარმოუდგენელიაო.

თუმცაღა, ერთდროს მგრძნობიარე სექტორების ევროკავშირთან გაზიარებულ კომპეტენციაში გადასვლის გამოცდილება არსებობს: სოფლის მეურნეობის დარგში.

იმპორტის კვოტების, სუბსიდიებისა და მწარმოებელთა მხარდაჭერის რთული სისტემა რაღაცით სწორედ სოციალური დაცვის სისტემას მოგვაგონებს, ოღონდ ერთი კონკრეტული ჯგუფის – ფერმერებისათვის.

სოლიდარობის ვალდებულება

დავადგინეთ, რომ ჯანდაცვა ევროკავშირის კომპეტენცია არაა, თუმცა კრიტიკოსები ევროკავშირის ხელშეკრულებაში 222-ე მუხლზე მიუთითებენ, რომელიც ევროკავშირის წევრებს სოლიდარობას ავალდებულებს.

ამ მუხლის ამოქმედება მაშინ ხდება, თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ტერორისტული შეტევის, ანთროპოგენული, ანდა ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლი ხდება. მუხლი ავალდებულებს წევრ ქვეყნებს „იმოქმედონ ერთიანად, სოლიდარობის სულისკვეთებით“ და დაეხმარონ იმ ქვეყანას ან ქვეყნებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ყურადღება მივაქციოთ, რომ სწორედ ქვეყნების კოორდინირებაზეა საუბარი და არა ევროკომისიის კომპეტენციაზე. ამიტომაც, სოლიდარობის მუხლის გააქტიურების შემთხევებში ევროპული საბჭოს (თავისი არსით – წევრი ქვეყნების მეთაურების კრების სამდივნოს) თავმჯდომარეს აქვს მაკოორდინირებელი ფუნქცია. დღეს ამ თანამდებობაზე ბელგიელი შარლ მიშელია (Charles Michel).

როცა 222-ე მუხლი ამოქმედდება, სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფლებაა გამოიყენოს პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავების ინტეგრირებული მექანიზმი (Integrated Political Crisis Response Arrangement), რომლის ძალითაც ევროკავშირი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება – წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი შეიარაღებული ძალების ჩათვლით – რათა საფრთხეში მყოფ წევრ ქვეყანას დაეხმაროს.

გერმანიის საგარეო მინისტრმა ჰეიკო მაასმა ორშაბათს, 23 მარტს, სწორედ ამ წესის ამოქმედება მოითხოვა, კორონავირუსით განსაკუთრებულად დაზიანებული წევრი ქვეყნების დასახმარებლად.

ევროკომისიისიამ უკვე სამშაბათს, 24 მარტს განაცხადა, რომ კრიზისთან გამკლავების ინტეგრირებული მექანიზმი უკვე გააქტიურებული იყო.

რა მოიმოქმედა ევროკომისიამ დღემდე?

კრიზისის დაწყებიდანვე ევროკომისიის მთავარი ამოცანა საჯარო ჯანდაცვასა და განსაკუთრებით კი ევროკავშირის ეკონომიკაზე პანდემიის ზემოქმედების შერსარბილებელი ღონისძიებების შემუშავება იყო.

მარტის შუა რიცხვებში, ევროკომისიამ ექვსი წევრი სახელმწიფოს მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ჯგუფი, რომლის ამოცანაც ევროკავშირის მასშტაბით საერთო წესების შემუშავება და რისკების მართვის საერთო მექანიზმის ჩამოყალიბება იყო. პანელს სათავეში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უდგას, რომელიც პროფესიით თვითონაც ექიმია.

სხვა ზომები მოიცავს სამედიცინო დანადგარებისა და აღჭურვილობის რეზერვების შექმას, როგორებიცაა, მაგალითად, სუნთქვის აპარატები და ნიღბები. ამ რეზერვის შექმნა 19 მარტს გამოცხადდა. ოფიციალური პირების ცნობით, ევროკავშირი 50 მილიონ ევროს გამოყოფს ამ მოწყობილობების შესაძენად და ისინი საგანგებო ვითარებაში იმ ქვეყნის დასახმარებლად იქნება განკუთვნილი, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროება შეექმნება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 40 მილიონის განკარგვა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, თუმცა კომისიის ცნობით ექვსმა წევრმა უკვე გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ამავე სქემით, გერმანიამ დაიწყო საექსპორტო ლიცენზიების გაცემა სამედიცინო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ავსტრიისათვის გადასაცემად.

ევროკომისიის ერთ-ერთი საზრუნავი იყო ასევე სასაზღვრო საკითხების მოგვარება და საერთო წესების დადგენა, რათა შემოღებული საგანგებო ღონისძიებების პირობებში ევროკავშირს შიგნით საქონლის გადაზიდვები არ შეფერხდეს. ევროკომისიამ ასევე შეამსუბუქა ევროზონის ფინანსური წესები, ხელშეკრულების 107-ე მუხლის თანახმად, რათა მთავრობებს შიდა და გარე სესხების გაღება გაუადვილდეთ.

პირველწყარო
Coronavirus: What EU can and can't do

მსგავსი/Related

Back to top button