ახალი ამბები

საქართველო ჯაველინის სარაკეტო სისტემებს დამატებით კიდევ მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 28 თებერვალს 2020 წლის ფინანსური წლისთვის შეიარაღების წარმოების კონტრაქტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო, აშშ-ის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის – „ჯაველინის“ მორიგ პარტიას მიიღებს. „წარმოების სამუშაოები ტუსონში (არიზონა) ჩატარდება და სავარაუდო დასრულების თარიღი 2020 წლის 25 ივნისია“, – იტყობინება თავდაცვის დეპარტამენტი.

აშშ-მა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის – „ჯაველინის“ მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 410 თვითდამიზნებად მართვად რაკეტას და 72 მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვებ ბლოკს, ასევე ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის ელემენტებს შეიძენს. შესყიდვის პირველი ეტაპი 2018 წლის იანვარში დასრულდა.

ამერიკული ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“, რომელსაც მისი მწარმოებელი Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გადასატან ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემად მოიხსენიებს, ფართოდ გამოიყენება აშშ-ის არმიის და საზღვაო ქვეითების მიერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button