Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

ბათუმი და სოხუმი: ამბავი ორ ქალაქზე

საქართველოში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები ხელოვნური გამყოფი ხაზის არცერთ მხარეს მცხოვრებთა ინტერესში არ შედის, მეტიც, იგი გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად რუსეთის ინტერესებსაც არ არგებსო, წერს ქეთევან ციხელაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ცოტა ხნის წინ, ბათუმმა, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულმა ქალაქმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისათავისადმი მიძღვნილ ევროპელ ლიდერთა კონფერენციას უმასპინძლა, რომელზედაც, სხვათა შორის, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესიც განიხილეს. კონფერენციაზე ევროპული საბჭოს წარმავალმა პრეზიდენტმა დონალ ტუსკმა თქვა, „როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ ღირსებას, როდესაც ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ სიმამაცეს. თქვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდებული ერი ხართ. თქვენ ბევრ თითქოსდა შეუძლებელ მიზანს მიაღწიეთ, იმიტომ, რომ ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, იმ ერთი საერთო მიზნისათვის გაერთიანდით, რასაც თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანამედროვე სახელმწიფო ჰქვია“-ო.

დღესდღეობით, საქართველოს საზოგადოების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იცვლება, თუმცა საქართველო ამბიციურ დღის წესრიგს ეყრდნობა და კვლავაც ურყევად აგრძელებს თავისი მიზნისადმი ერთგულებას, რაც ევროკავშირთან პარტნიორობის განმტკიცებას, მასთან პოლიტიკურ ასოციაციასა და სექტორულ ინტეგრაციას გულისხმობს. გარე გამოწვევების მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებისადმი ერთგულება – რომელსაც „ცივილიზაციურ არჩევანსაც“ ვუწოდებთ ხოლმე – საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წინწასულ ქვეყნად აქცევს.

ამ დროს კი, სოხუმი, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, აფხაზეთის რეგიონში, შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე ქალაქი, ამ მარათონს გამოთიშულია. ოკუპირებული აფხაზეთი სულ უფრო გასამხედროებული და ფიზიკურად იზოლირებული სივრცე ხდება, რომელზედაც ექსკლუზიურ დომინაციას რუსეთი ახორციელებს. ამ მხრივ, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა საქართველოს შუაგულში მდებარე ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულ გეტოდაა გადაქცეული, საიდანაც მოსახლეობის 80% გაქცეულია. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსეთმა თავის მსახვრალ ხელს დაუქვემდებარა საქართველოს ტერიტორიათა 20%.

„დამოუკიდებლობის“ ცალმხრივმა აღიარებამ ეს რეგიონები ბოლომდე რუსეთზე დამოკიდებული გახადა. [ამ ტერიტორიათა] დაუნდობელი რუსიფიკაცია თავდაპირველი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, გამოდევნილი ეთნიკურად ქართველების ნების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეთნიკურად ქართველებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. [რუსიფიკაციის] ამ პროცესს  მშვიდად არც ისინი უყურებენ, რომლებიც ჯერ კიდევ მკვიდრობენ ამ მიწებზე.

მოუგვარებელი კონფლიქტები საქართველოში ხელოვნური გამყოფი ხაზის არცერთ მხარეს მცხოვრებ ადგილობრივთა ინტერესში არ შედის, მეტიც, იგი გრძელვადიან პერსპექტივაში არც რუსეთის ინტერესებს არგებს. თუმცა, ამჟამად, ეს კონფლიქტები რუსეთის იმ გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სამეზობლოში კონფლიქტების წაქეზებას ითვალისწინებს. რუსეთი  ამ კონფლიქტების გამოყენებით მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებასა და მათ საკუთარი გავლენის ორბიტაში ჩათრევას ცდილობს. რუსეთს ნაკლებად შესწევს უნარი იყოს მიმზიდველი ძალა, ამიტომაც იგი [თავისი მიზნების მისაღწევად] ტანკებს, ჯარისკაცებს, ეკონომიკურ შეზღუდვებსა და გულუხვად დაფინანსებულ პროპაგანდას იყენებს. ნაცრისფერ ზონათა ქსელის არსებობა ამძაფრებს უსაფრთხოების გამოწვევას მთელი ევროპისათვის. ამდენად, საჭიროა მოუგვარებელი კონფლიქტების თანმდევრული და მშვიდობიანი გზებით გადაჭრის დროული გზების ძიება.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით ოჯახის ყოველდღიური ტანჯვა-წამების რეჟიმით ცხოვრება კიდევ უფრო საჩქარო ყურადღებას მოითხოვს. რუსული დაყოფის პოლიტიკა ღრმა კვალს ტოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებზე. დახლეჩილია ოჯახები, ადამიანებს უზღუდავენ  გადაადგილების თავისუფლებას, მათ თვით ყველაზე მარტივი ადამიანური საჭიროებებისათვისაც კი არ შეუძლიათ გამყოფი ხაზები გადაკვეთონ. ირღვევა ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველებისა. „საზღვრის გადაკვეთისათვის“ ადგილობრივებს ხშირად აპატიმრებენ. ხანდახან ასეთი ამბები ტრაგედიებითაც კი მთავრდება, როგორც მაგალითად იმ სამი ქართველის შემთხვევაში, რომელთაც სიცოცხლე უკანონო პატიმრობისას დაასრულეს. ერთ-ერთი ქართველი საერთოდაც კამერების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს. დამნაშავენი არც კი დასჯილან.

წლეულს, გამშვები პუნქტების რამდენჯერმე ჩაკეტვამ [ოკუპირებული] ტერიტორიები ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ამისდა მიუხედავად, ხალხთაშორისი კონტაქტები საგრძნობლად იზრდება და ხელოვნური დამყოფი ბარიერების ორივე მხარეს მყოფთა შორის ურთიერთთანამშრომლობისადმი ინტერესი არნახულად მაღალია. თუმცა, რამდენადაც ხალხთაშორისი კონტაქტი იზრდება, იმდენადვე იზრდება ბარიერებიც, ვაწყდებით მცდელობას, შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისკენ მიმართულ ამ კონტაქტებს ხელი შეუშალონ.

მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩენია – გავაორმაგოთ ჩვენი მონდომება და ხელი შევუწყოთ მავთულხლართების ორივე მხარეს დარჩენილთა შორის ურთიერთობას, ნდობის აღდგენასა და მშვიდობას, დავეხმაროთ ხალხს.

კონსტრუქციული, ორივე მხარის მოგებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი საქართველოს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის ქვაკუთხედია. მთავრობის მთავარი სამშვიდობო გეგმა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ – რომელიც შარშან შეიქმნა, საერთაშორისო საზოგადოებამაც მოიწონა, რადგანაც იგი ყურადღებას ამახვილებს ვაჭრობის ხელშეწყობაზე, განათლებაზე, ორივე მხარისათვის საჭირო სერვისებზე. აღნიშნული ინიციატივა დაბლა სწევს პოლიტიკურ ტემპერატურას, რადგანაც იგი პრობლემების მოგვარების სტატუს-ნეიტრალურ გზებს გვთავაზობს.

გეგმა, როგორც უკვე გამოჩნდა, წარმატებულია და ადგილობრივ თემთა მოწონებითაც სარგებლობს. პირველ მცირე საგრანტო პროგრამაში ორივე მხრიდან მოსალოდნელზე 15-ჯერ მეტმა მსურველმა შეიტანა აპლიკაცია. ამჟამად, რა ამოცანაც გვაქვს, რესურსების მოძიებაა, რათა ეს მაღალი ინტერესი დაკმაყოფილდეს. ხელოვნური დამყოფი ხაზების ორივე მხარეს განსახორციელებლ პროექტებში ინვესტიცია მშვიდობაში დაბანდებული ფულია.

ამ გზით უნდა მივიტანოთ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებამდე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სარგებელი. აღნიშნული ალტერნატივის შეთავაზება საბოლოოდ საქართველოს ევროპულ გზაზე წარმატებას უტოლდება.

This post is also available in: Русский (რუსული)

Via
Euractiv.com
პირველწყარო
Batumi and Sokhumi: A tale of two cities

მსგავსი/Related

Back to top button