შსს-მ 20-21 ივნისს „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს „ჯგუფური ძალადობის“ ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა.

შსს-ის მიერ 4 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისას დაკავებულები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც სხვადასხვა საგნით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ. უწყების განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-მ განცხადებასთან ერთად, დაახლოებით ორწუთნახევრიანი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელშიც დაკავებულების მხრიდან სამართალდამცველების მიმართ მათი ქმედებების კადრებია ასახული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version