საქართველოს საპატრიარქო: ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 1 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან“.

„გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში. „როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს“.

„ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასათვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version