საპარლამენტო კვირა: 22 აპრილი – 3 მაისი

საკომიტეტო სხდომები

23 აპრილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს მუშაობისა და საინვესტიციო საბჭოს ფორმირების პროცესზე ისაუბრა. მოსმენა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა.

ანგარიშის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას საპენსიო სააგენტოს დირექტორისგან აინტერესებდა, თუ როგორ მიმდინარეობს საპენსიო თანხების მობილიზება და ასევე მოქალაქეების მხრიდან საკუთარი თანხების კონტროლის მექანიზმი.

23 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს მოუსმინეს, რომელმაც გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებით – კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენა ევროპული საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.

მინისტრს კრიტიკული კითხვები ოპოზიციის დეპუტატებმა დაუსვეს. მათი კითხვები ძირითადად სიღარიბეს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ ფონს და საპენსიო რეფორმას შეეხებოდა. დეპუტატებს აინტერესებდათ თუ რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

კომპანია ომეგასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველასთვის, ვინც ჩახედულია ამ სფეროში, საქმე არის ნათელი და უბრალოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული ეს კითხვა. აქ იყო საქმე აღიარებულ საგადასახდო დავალიანებასთან”.

საბანკო რეგულაციებთან მიმართებით მაჭავარიანმა განმარტა, რომ „ჩვენ, ძირითადად, ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური”.

1 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, შრომის უსაფრთხოების თემაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

კილაძის ინიციატივითვე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნება, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და მათზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პლენარული სხდომები

30 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს. დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ სხდომაზე, პირველი მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები წარდგენისა და შერჩევის წესს არეგულირებს.

ბესელიას განმარტებით, კანონპროექტში, პრინციპების დონეზე, გაზიარებულია ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიას, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODIHR) და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ. კანონპროექტის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა.

1 მაისს გამართულ სხდომაზე პარლამენტმა ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს და 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ მიიღეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას სთავაზობდა. ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებით, კანონმდებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციების შესახებ არსობრივი მსჯელობის შესაძლებლობა მიეცემოდათ. თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შეთავაზება არ გაითვალისწინა და კანონპროექტს კენჭი მაინც უყარა.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა საერთო სასამართლოების შესახებ ეკა ბესელიასა და კიდევ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც უყარეს კენჭი. მას მხარი მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა. შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა.

2 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა, რომელმაც სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე და სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების ძირითადი კითხვები დავით გარეჯსა და პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს, დავით კირკიტაძის პატიმრობას, ასევე ია კერზაიას, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს ეხებოდა.

მინისტრის პასუხების შემდეგ, სიტყვა დეპუტატებს დაეთმოთ. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, მათ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

3 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით ერთხმად მხარი დაუჭირეს სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება.

3 მაისს დეპუტატების წინაშე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მოხსენებით წარსდგა და დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში გააცნო, რის შემდეგაც სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრები

ვიზიტები

სხვა ღონისძიებები

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version