ახალი ამბები

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

Tags

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ 26 ივნისს წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს „რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ძალადობრივ და უკანონო დაპყრობას“.

რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით – „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. ამას გარდა, საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ასამოქმედებლად, რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს, რომ გააქტიურდეს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, რომ სავიზო და ფინანსური შეზღუდვები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ან პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე ორ ოკუპირებულ რეგიონში და სთხოვს სახელმწიფო მდივანს, რომ „შეიმუშაოს სტრატეგია რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ, საქართველოს შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

კონგრესმენ ტედ პოს თქმით, წარდგენილი პროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების „სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“. „ამერიკის შეერთებული შტატები არ ემხრობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 1/3-ის დაპყრობას“, – განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 26-28 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს, კონგრესმენებს პოს და კონოლის დღეს შეხვდა და რეზოლუციის პროექტის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძემ პროექტს „ისტორიული დოკუმენტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი მას მხარს დაუჭერს.

რეზოლუცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმაც შეაფასა. „საქართველოს მხარდაჭერის აქტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ინიციატივა აქტის მიღებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ეს ინიციატივა პირველად 2018 წლის მარტში ვაშინგტონში ვიზიტის დროს გაახმოვანა.

რეზოლუციის პროექტის წარდგენამდე ექვსი დღით ადრე, რვა ამერიკელმა კონგრესმენმა 20 ივნისს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესახებ ორპარტიული რეზოლუციის პროექტი წარადგინეს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას სამი ქვეყნის ძალისხმევის მიმართ, რომ „პოლიტიკური სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნონ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button