მთავარი / ახალი ამბები / საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0.1%-ით გაიზარდა
ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0.1%-ით გაიზარდა

2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 729. 6 ათასი იყო. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით,  0.1% – ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ მოიცავს.

საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, ხოლო 52% ქალია. საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3% – ით გაიზარდა და 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1% – ით შემცირდა და 1 938.1 ათასი ქალი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის 58.3% ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. საქსტატის კვლევის მიხედვით, თბილისში მცხოვრებთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და 1 158.7 ათას ადამიანს შეადგენს.

საქართველოში 0-14 ასაკის მოსახლეობის წილი, მთლიანი მოსახლეობის 20% – ია, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობა, ანუ 15 – დან 64 წლის ასაკის ადამიანები, მოსახლეობის საერთო მაჩვენებლის 65.4% – ს შეადგენს. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი კი, მთლიანი მოსახლეობის 14.6% – ია.

საქსტატის ინფორმაციით, ახალგაზრდა ასაკის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ქალების რაოდენობას აჭარბებს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ქალების რაოდენობა უფრო მეტია. საქსტატის ინფორმაციით, ეს მამაკაცებთან შედარებით, ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით არის განპირობებული.

საქსტატი მონაცემებს მიგრაციის შესახებაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ემიგრანტების რაოდენობა 85 451, ხოლო იმიგრანტების 83 239 ადამიანს შეადგენს.

This post is also available in: რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.