ახალი ამბები

საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების ფონზე თანამდებობიდან გადადგა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი ეკატერინე მესხიძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, თანამდებობიდან გადადგა. 

საჯარო რეესტრში თანამშრომლის სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობილი გახდა 24 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტიდან, რომელშიც უწყების ყოფილმა თანამშრომელმა ეკატერინე მესხიძემ პაპუნა უგრეხელიძე „ყოველდღიურ დამცირებაში, შეურაცხყოფასა და ზეწოლაში“ დაადანაშაულა. ამავე სიუჟეტიდან გაირკვა, რომ საქმე სახალხო დამცველმა გამოიკვლია და, გასული წლის მაისში გამოცემული დასკვნით, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მან სახალხო დამცველის დასკვნა თავის ყოფილ კოლეგებსა და იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა მინისტრმა ეკატერინე მესხიძე სახალხო დამცველის დასკვნის გავრცელებისათვის გააკრიტიკა და მომხდარს „უბრალო ვერბალური შევიწროება“ უწოდა. მოგვიანებით, რუსთავი 2-ის ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საკითხში გარკვევის მიზნით პაპუნა უგრეხელიძეს შეხვდებოდა და „უხერხულ კითხვებს“ დაუსვამდა. 

თავად პაპუნა უგრეხელიძემ დღეს გავრცელებულ განცხადებაში საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი შურისძიებაში დაადანაშაულა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სექსუალური შევიწროებაში ბრალდებები მას შემდეგ განჩნდა, რაც ეკატერინე მესხიძის მეუღლე, რომელიც ასევე საჯარო რეესტრში მუშაობდა, დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა. 

„იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები“, – წერს პაპუნა უგრეხელიძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების ფონზე საჯარო ფიგურა თანამდებობას ტოვებს. მსგავსი ბრალდებების გავრცელების შემდეგ, 22 მარტს თანამდებობიდან გადაგა რუსთავში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ დირექტორი და სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარდგენილი, ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში ათამდე ქალმა დაადანაშაულა.

მსგავსი/Related

Back to top button