ახალი ამბები

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი: ტატუნაშვილი ‘დიდი ალბათობით’ აწამეს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს „თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით“.

თოიძემ, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ცენტრის სახელით დაესწრო, განუცხადა მედია საშუალებებს, რომ „სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების მიხედვით, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი“.

თუმცა, ექსპერტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტატუნაშვილს თითი აკლდა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა წერილობითი განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აუცილებელია, რომ ჩატარდეს კომპლექსური ექსპერტიზა „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი“. 

„იმ ნიუანსების გათვალისწინებით, რომ არის მრავალი ფაქტი, რომ რუსულ-ოსური მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა კვალის დამალვის მიზნისკენ არის მიმართული, ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ ჩატარებულ იქნას საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა“, – განაცხადა ცენტრ  „ემპათიის“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი/Related

Back to top button