skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, ასევე ორ რეგიონში განთავსებულმა რუსულმა სამხედრო ძალებმა 18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

აფხაზეთში ოცი საარჩევნო უბანი გაიხსნა (თავდაპირველად თექვსმეტის გახსნა იყო დაგეგმილი), მათ შორის ოთხი – ქალაქ სოხუმში. ცხინვალის რეგიონში, სადაც თავდაპირველად ცხრა უბნის გახსნა იყო დაგეგმილი, ცამეტი საარჩევნო უბანი გაიხსხნა, მათგან შვიდი – ქალაქ ცხინვალში. 

გუშინ დღის 4 საათისთვის აფხაზეთში 30 000-მა რუსეთის მოქალაქემ გააკეთა არჩევანი. ცხინვალის რეგიონში კი საღამოს 6 საათის მდგომარეობით, დაახლოებით 14 000 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ორივე ოკუპირებული რეგიონის ლიდერებმა, რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა, ასევე გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ხაზი გაუსვეს, რომ „ძლიერ პრეზიდენტს“ უჭერენ მხარს, რითიც ვლადიმირ პუტინის საარჩევნო დევიზს გამოეხმაურნენ.

„ვფიქრობ, რომ რუსეთს ძლიერი ლიდერი უნდა ყავდეს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. რუსეთი ძლიერი უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ეკონომიკური და სხვა სფეროების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საარჩევნოს უბნის წინ.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, სამხრეთ ოსეთის ბედი პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციის ბედთან და თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი ყავდეს“, – განუცხადა ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

ორივე რეგიონის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის 89 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანალოგიურმა მაჩვენებელმა 36 500 შეადგინა.

თბილისის რეაგირება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მას „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს“.

მსგავსი/Related

Back to top button