skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილმა და ალიევმა ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს


გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი, 12 მარტი, 2018. ფოტო: gov.ge

„აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის  ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი არის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის“, მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს 12 მარტს.

პირველი შეხვედრა კვირიკაშვილმა, რომელიც ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს სტუმრობს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა, სადაც ორმა ლიდერმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.

შეხვედრამდე გაკეთებულ კომენტარში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები „აღმავლობის გზაზეა“ და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი და ასევე ლიდერია ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ.

„ის სტარტეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ – ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომელიც შემდეგ ტრანს-ანატოლიის და ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით უკავშირდება ევროპას, არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს; ეს არის ბუნებრივი, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრას თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.

მსგავსი/Related

Back to top button