ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი, 9 მარტი, 2018. ფოტო: NATO

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინსვლის საკითხი, ასევე – ალიანსთან თანამშრომლობის მომავალი გეგმები განიხილა.

გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მარგველაშვილს „საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში და ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო“, – ნათქვამია ნატოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრის შესახებ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა „შეაქო საქართველო იმ პროგრესისთვის, რომელსაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში მიაღწია, რაც საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას გააძლიერებს“, და მოუწოდა ქვეყანას, რომ „განაგრძოს ეს გზა“. 

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა „შედეგები გამოიღო“ და რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. მან სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, გარდაცვალების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს მალე გამოუშვებენ.

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია, რომელსაც საქართველო დაესწრება, როგორც „ასპირანტი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა“. ნატოს პრესრელიზი ასევე ადასტურებს საქართველოს მონაწილეობას სამიტში.

ბრიუსელში ვიზიტიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა რიგი შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან.

მსგავსი/Related

Back to top button