skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს


გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი, 8 მარტი, 2018. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 8-10 მარტს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, რიგი შეხვედრები გამართა ევროპის ლიდერებთან და პირობა დადო, რომ ხელისუფლება აქტიურ ზომებს მიიღებს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესამცირებლად.

პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენები.

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, რომ განაგრძოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მუშაობა, რათა ამ რეჟიმმა სწორად იმუშავოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ.

„საქართველოს მთავრობამ ძალიან აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიკავა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა დასვეს, და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთად ვიმუშავოთ და ბევრად უფრო ეფექტური, ფუნქციური და ხანგრძლივი თანამშრომლობა გვქონდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპასუხოდ.

სავიზო რეჟიმის საკითხი ასევე იქნა განხილული მარგველაშვილის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა „გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად“.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის ევროკომისართან კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშთან; განათლების კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ევროკომისართან ტიბორ ნავრაჩიჩთან; ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ვიოლეტა ბულცთან და ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

9 მარტს საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა, წუხილი გამოთქვა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ზრდაზე და თავშესაფრის მინიჭების შესახებ მოთხოვნების მატებაზე, რამაც ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.

საპასუხო ზომების ფარგლებში, გვარის შეცვლის რეგულაციის გამკაცრებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ევროპელ პარტნიორებთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საინფორმაციო კამპანიის წარმოებას უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button