ახალი ამბები

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს


ანდერს სამუელსენი და მიხეილ ჯანელიძე, 22 თებერვალი, 2018. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი, რომელიც 22-23 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები“. 

სამუელსენმა გამოიყენა შესაძლებლობა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ დანიის მხარდაჭერა გამოხატა.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ დანიის საქმიანი წრეების ინტერესის კიდევ უფრო გაზრდას და ქვეყანაში დანიური ინვესტიციების შემდგომ მოზიდვას“.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ანდერს სამუელსენმა დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) 2017-2021 წლების სტრატეგია წარადგინა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება.

ვიზიტის ფარგლებში სამუელსენი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოსთვის DANEP-ის პროგრამა, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

მსგავსი/Related

Back to top button