კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
17 თებერვალს კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა და თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა, იტყობინება პენტაგონის პრესსპიკერი.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საქართველოს, როგორც ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი ჯარისკაცების ოდენობით და აღიარა, რომ ამ წვლილის შედეგად საქართველომ 32 სამხედრო დაკარგა, ხოლო 290 დაიჭრა,“ განაცხადა პრესსპიკერმა დანა ვაითმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს მატისმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და „განიხილა საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესი, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარება, მათ შორის მიმდინარე პარტნიორობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საბრძოლო მზადყოფნის და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად“.
Had a great meeting with #US Secretary of Defense James #Mattis on US-Georgia relations. US support in enhancing our #defense capabilities & unwavering stance on #Georgia’s #European and #EuroAtlantic integration is invaluable to us. #msc2018 https://t.co/gNNfHxGEQi pic.twitter.com/FTTM4Ch8Vh
— Giorgi Kvirikashvili (@KvirikashviliGi) February 17, 2018
ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების, ასევე 2017-2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისარი ჰანი მიესალმა „ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა“ და კიდევ ერთხელ გამოხატა ბრიუსელის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
.@MunSecConf w #Georgia’s #PM @KvirikashviliGi. #EU–#Georgia relations going from strength to strength. Revised Association Agenda and #EaP Summit menu are an ambitious program that will bring us even closer together. @eu_near pic.twitter.com/LEdH9ZR09K
— Johannes Hahn (@JHahnEU) February 16, 2018
18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, ასევე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე ისაუბრა.
„დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა თავის შესავალ სიტყვაში.
„ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი“. „გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად", – დასძინა მან.
Honoured to participate in first ever side event in the frame of #MunSecConf "Georgian politics and literature”. Great opportunity to showcase #Georgia and its culture ahead of Frankfurter @Book_Fair where #Georgia is the guest of Honour 2018 pic.twitter.com/0dgVPtTPba
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) February 18, 2018
კვირიკაშვილი, რომელსაც მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თან ახლდნენ, შეხვდა თავის კოლეგებს თურქეთიდან, მოლდოვადან და ნიდერლანდებიდან, ასევე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს ვოლფგანგ იშინგერს და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, ფატუ ბენსუდას. ეს უკანასკნელი 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებს.
მიუნხენში შეხვედრები მიხეილ ჯანელიძემ და ლევან იზორიამაც გამართეს. ჯანელიძე შეხვდა თავის კოლეგებს იაპონიიდან, მოლდოვადან, იტალიიდან, ლიხტენშტეინიდან, ნორვეგიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. იგი ასევე შეხვდა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს და ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს. თავის მხრივ, იზორია გერმანიის და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებს, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს, მარკ ლანკასტერს შეხვდა.