ახალი ამბები

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 7-9 თებერვალს თბილისს სტუმრობდა, თავის ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, კიბერთავდაცვის სფეროში და საერთაშორისო ოპერაციებში ორმხრივი მხარდაჭერისა და ნატოს პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს.
„ესტონეთს და საქართველოს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ თავდაცვის სფეროში: ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ერთმანეთის სამხედრო წვრთნებში. ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი სამხედროების წვრთნას; თანამშრომლობა კიბერთავდაცვის სფეროში სულ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ქართველი სამხედროები ესტონეთში დაგეგმილ წვრთნებში Siil 2018 milit ჩაერთვებიან.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „ესტონეთი ყოველთვის გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით… ის არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის“.
იზორიამ მადლობა გადაუხადა თავის ესტონელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების კომპონენტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორი მინისტრი შეთანხმდა, რომ მომავალი თანამშრომლობის დროსაც ამ საკითხზე მოახდინოს ფოკუსირება. 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. იგი ასევე ეწვია კიბერუსაფრთხოების ბიუროს და ცხინვალის რეგიონის მახლობლად საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრა

მსგავსი/Related

Back to top button