skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ათენში თავის ბერძენ კოლეგას შეხვდა


გიორგი მარგველაშვილი და პროკოპის პავლოპულოსი, 8 თებერვალი, 2018. ფოტო: president.gov.ge

„ჩვენ, ქართველები ნათლად ვხედავთ ჩვენს მომავალს ევროპულ ერთა ოჯახში და ამის არგუმენტად ჩვენ მოგვყავს ჩვენი უძველესი ენის ევროპულობა. ყველაზე სწორი ადგილი, რომ ჩვენ დავადასტუროთ ეს ევროპულობა, ალბათ, სწორედ ათენში ყოფნაა", – განუცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8 თებერვალს თავის ბერძენ კოლეგას, პროკოპის პავლოპულოსს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც 7-9 თებერვალს პირველი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს სტუმრობს, პრეზიდენტ პავლოპულოსთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ქვეყანამ გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა და „ამის მერე, ჩვენი ორი ერი სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ საკითხებში სულ ერთად მოდიოდა“.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ათენი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერი მხარდამჭერია“. „ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა საერთაშორისო გლობალურ ფორუმზე საბერძნეთს უკავია საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისეთი პოზიციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ჩვენთვის სასარგებლოა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, ტრანზიტის და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერძნულმა მხარემ  ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპის და აზიის დაკავშირების საქმეში.

საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, პარლამენტის სპიკერს, ნიკოს ვუცისს და მთავარი ოპოზიციური პარტიის „ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკისს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

მსგავსი/Related

Back to top button