ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესმენები საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბრობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 7 თებერვალს კონგრესმენმა დევიდ პრაისმა, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, და კონგრესმენმა ტედ პომ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უმასპინძლეს.

კონგრესმენმა პრაისმა აშშ-ს და საქართველოს შორის მეგობრობის და სოლიდარობის შესახებ ისაუბრა, სადაც, მისი თქმით, საერთო ღირებულებები და დემოკრატიისადმი ერთგულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეს ვალდებულება შეასრულა „ძალიან მკაცრ გარემოში, ავტოკრატიული სახელმწიფოებით სავსე სამეზობლოში და იმ მეზობლის გვერდით, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეოთხედი ოკუპირებული აქვს და რომლისგანაც მუდმივად მუქარები და დაშინება მოდის“.

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა ქართველების ერთგულებას თავისუფლების მიმართ და თვითგამორკვევის სურვილს და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგება თვითგამორკვევისთვის ბრძოლაში. მისი თქმით, კონგრესმენების მუშაობა საქართველოს პარლამენტთან სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია.

კონგრესმენმა პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში“. „თქვენ ან გაქვთ ეფექტური ლეგიტიმური წარმომადგენლობითი პარლამენტი, ან არ გაქვთ. თუ გაქვთ, მაშინ ბევრად უკეთესი შანსი გაქვთ იმისა, რომ თქვენი ხალხის საჭიროებებს ემსახუროთ და სტაბილური, უსაფრთხო და მტკიცე დემოკრატია გქონდეთ“, – განაცხადა კონგრესმენმა.

კონგრესმენმა პომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გვერდით ბრძოლისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს და აშშ-ს საერთო ღირებულებები და თავისუფლების რწმენა გააჩნიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „რუსულ დათვთან“ არასახარბიელო სამეზობლოში იმყოფება, სადაც „ციმბირის ნაპოლეონი“ ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.

კონგრესმენის თქმით, პუტინმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პირველად საქართველოში შეჭრილიყო, რადგანაც „საქართველო იყო და კვლავ არის რეგიონის უძლიერესი დემოკრატიული ქვეყანა“; ასევე იმიტომ, რომ პუტინის აზრით, „თუ ის საქართველოს დაამარცხებდა, ის სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც მოერეოდა“.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის ამ სურვილების გამო „მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და უკრაინის, ასევე მოლდოვას გვერდით იდგეს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნებად დარჩებიან და არ იქნებიან რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები“. 

კონგრესმენმა პომ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული ვიზიტიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ-ის პოზიცია იგივეა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, და არა მგონია, რომ ის შეიცვალოს, რადგანაც ეს სწორი პოზიციაა“.

კონგრესმენების შეხვედრას კობახიძესთან საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძეც დაესწრო.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს; სენატორ როჯერ ვიკერს და კონგრესმენებს ჯერი კონოლის, სტივ სკალიზს და ჰაროლდ როჯერსს. მას ასევე გამართა შეხვედრები რესპუბლიკელ სენატორებთან, ლინდსი გრემთან, ჯიმ რიშთან და კონგრესმენ პიტერ როსკამთან.

მსგავსი/Related

Back to top button