ახალი ამბები

საქართველოს ხელმძღვანელობა თსუ-ს 100 წლის იუბილეს ულოცავს

8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ქართველმა ინტელექტუალებმა ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წელს დააფუძნეს.     

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადებები გამოაქვეყნეს. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები მათი განცხადებებიდან.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ დღეს ვზეიმობთ 100 წელს იმ ინსტიტუციის შექმნისა, რომელმაც უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესი შექმნა ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში.

უნივერსიტეტი დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველივე დღეებიდან და მისი დაარსების სულისკვეთება იყო განპირობებული იმ მუშაობით, იმ განცდებით, იმ ფიქრით საქართველოს განვითარების შესახებ, რომელიც წინა თაობებს ჰქონდათ დაგროვებული.

უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში.

უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველასთვის საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია.

მან გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით ტარდება. უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან 147 დელეგატი, როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვულოცავ 100 წლის იუბილეს! ამ იუბილეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, რომლის უახლეს ისტორიაში უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ამ იუბილეს ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს და განსაკუთრებით, სტუდენტებს, რომლებიც დღეს განათლებას ისტორიულ კედლებში იღებენ.

ეს არის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი პირადად ჩემთვის, როგორც „უნივერსიტეტელისთვის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, არის და იქნება მომავალშიც. უნივერსიტეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი. უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში იდგნენ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის ტაძარი, აგრძელებს ასი წლის წინ დაწყებულ საქმეს და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მას ამ უდიდესი მისიის შესრულებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.

მსგავსი/Related

Back to top button