Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას განიხილავენ


მიტროპოლიტი ილარიონი და ილია მეორე, 1 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიები აფხაზეთის საეკლესიო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, თუმცა ქართულ სამღვდელოებას იქ შესვლის საშუალება არ აქვს.

ინიციატივა თბილისში 1 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და  რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის შეხვედრაზე გაჟღერდა.

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილია მეორე და საქართველოს ეკლესიის დელეგაცია  რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია. ილია მეორემ უპასუხა, რომ დაესწრება ღონისძიებებს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მიტროპოლიტმა ილარიონმა მოკლედ მიმოიხილეს აფხაზეთში ეკლესიასთან დაკავშირებული სიტუაცია, მათ შორის საეკლესიო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი. ილია მეორემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფში სამი წევრი უნდა შევიდეს თითოეული მხრიდან, და დასძინა, რომ საქართველოს საპატრიარქო იფიქრებს ამ შემოთავაზებაზე და პასუხს აცნობებს მათ.    

მართალია აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას წარმოადგენს და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, ქართველი სასულიერი პირები,  დანარჩენ ქართულ მოსახლეობასთან ერთად რეგიონიდან 1993 წელს გამოაძევეს.

2009 წელს აფხაზი მღვდელი ბესარიონ აპლია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განუდგა და „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია“ ჩამოაყალიბა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და რომელსაც რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება უჭერს მხარს. 2011 წელს რამდენიმე სასულიერო პირი აპლიას ეკლესიას გამოეყო; მათ საკუთარ თავს აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია უწოდეს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართეს მფარველობისთვის. მოსკოვის საპატრიარქო ფორმალურად არც ერთ ამ ჯგუფს არ აღიარებს. 

მსგავსი/Related

Back to top button