რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, მმართველი პარტია ლიდერობს
თბილისის მერის არჩევნების შედეგები ეგზით პოლის მიხედვით, 21 ოქტომბერი, 2017. ფოტო: კადრი რუსთავი-2-იდან
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში ლიდერობს.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზით პოლის თანახმად, 18:00 საათის მდგომარეობით, კახა კალაძემ ხმების 54% მიიღო და თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი 15%-ით, დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 14%-ით და ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია 7%-ით.
დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებმა – კახა კუკავამ და ირმა ინაშვილმა თითოეულმა ხმების 3% მიიღო; გიორგი ვაშაძემ ახალი საქართველოდან და გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან – ხმების 2% და 1%, შესაბამისად. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი 2%-ია.
რაც შეეხება პროპორციული სიით გამართულ არჩევნებს თბილისის საკრებულოში, მმართველი პარტია აქაც ლიდერობს ხმების 58%-ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა ხმების 16%-ით; ევროპული საქართველო – 9% და პატრიოტთა ალიანსი – 5%.
თუ ეგზით პოლის მონაცემები ოფიციალური შედეგებით გამყარდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სხვა ვერც ერთი პარტია ვერ გადალახავს 4%-იან ბარიერს საკრებულოში პარტიული სიით შესასვლელად.
50-წევრიანი თბილისის საკრებულოს ადგილების ნახევარი პროპორციული სისტემით ნაწილდება, ხოლო მეორე ნახევარი 25 ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.
გარდა თბილისისა, რუსთავი 2-ის ეგზით პოლი ქუთაისში ჩატარდა. 18:00 საათის მდგომარეობით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლიდერობს 54%-ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 24%-ით; ევროპული საქართველოს კანდიდატი – 8%-ით და დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს კანდიდატი – 7%-ით.