skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კონსტიტუციის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 10 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. 

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე  გამოთქვა მოლოდინი, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“ და მიესალმა „საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ“. 

„ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვანას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა „მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით“.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური კონსულტაციების პროცესზეც გააკეთა კომენტარი და სინანული გამოთქვა, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.  ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს „ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად“.      

„ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამპროცენტიან ბარიერს შემოიღებს; ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო ცვლილებებს და პარლამენტს ისინი თავისი მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. თუმცა, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. 

მსგავსი/Related

Back to top button