ახალი ამბები

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის რეზოლუციაში


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია, 9 ოქტომბერი, 2017. ფოტო: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში 6-9 ოქტომბერს გამართულ ყოველწლიურ სესიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების შესახებ რამდენიმე, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო, რომელთაგანაც ერთი საქართველოსაც ეხება.

რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა წარადგინა და პლენარულ სხდომაზე 9 ოქტომბერს იქნა მიღებული, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „რეგიონში მზარდი დაძაბულობის“ გამო და გმობს „საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას რუსეთის მიერ, ასევე მისი სამხედრო ძალების ზრდას“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა მოკავშირეების მიერ აღებულ ვალდებულებებს, რათა „გააძლიერონ დიალოგი და თანამშრომლობა ალიანსის პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან“ და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რომლებიც ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებთან უფრო ახლო ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან.    

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მიესალმა საქართველოსა და უკრანაში მიმდინარე რეფორმებს და „მათ მნიშვნელოვან მიღწევებს“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნული ტრანსფორმაციის პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ასამბლეამ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს და უკრაინის მიმართ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

რეზოლუცია მოუწოდებს ალიანსის წევრ მთავრობებს და პარლამენტებს, „განაგრძონ სტრატეგიული დისკუსიები საქართველოსა და უკრაინასთან შავის ზღვის უსაფრთხოების თაობაზე, გააფართოვონ საქართველოს და უკრაინის ჩართულობა ნატოს საქმიანობებში, რაც რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, და ხელი შეუწყონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხროციელებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯების თაობაზე“.  

რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, ასევე – მოუწოდებს ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს განაგრძონ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, ასევე “დაჟინებით მოითხოვონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“.

საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციებშიც შევიდა, მათ შორის 2017 წლის 29 მაისის თბილისის დეკლარაციაში.

ბუქარესტის ყოველწლიურ სესიაზე ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს 300-მდე დელეგატი და ასევე 23 ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მსგავსი/Related

Back to top button