ახალი ამბები

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში საქართველოში ვიზიტი დაასრულა


მიხეილ ჯანელიძე და ჰარლემ დეზირი, 3 ოქტომბერი, 2017. ფოტო: OSCE/Anna Lundbladh

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირი, რომელიც 3-4 ოქტომბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების განხილვის მიზნით.

ეუთოს წარმომადგენლის ოფისის ინფორმაციით, ჰარლემ დეზირი მიესალმა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც „მოქალაქეებს ინტერნეტზე წვდომის და მისი თავისუფლად გამოყენების უფლებას ანიჭებს“, ასევე ზრდის მათ უფლებას ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას. 

„ინტერნეტის მზარდი მნიშვნელობის და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოტენციალის აღიარება ქვეყნის მთავარ კანონში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ უფლებების დაცვა ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგში, როგორც მრავალფეროვნების, ინფორმაციაზე წვდომის და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ხელშეწყობის საშუალება“. 

ეუთოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სატელევიზიო ბადის ცვლილებასა და მაუწყებელთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. „რეფორმების პროცესი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მედიის მნიშვნელოვან როლზე გავლენას ახდენს, გამჭირვალედ და ინკლუზიურად უნდა წარიმართოს, რათა საფრთხე არ შეექმნას მის დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებას და აზრთა მრავალფეროვნების ასახვას“, – განაცხადა მან.

ჰარლემ დეზირი ასევე შეეხო ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის საკუთრების საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არხს უნდა ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა და უნდა შეეძლოს პროფესიული საქმიანობის განხორციელება ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

ეუთოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ კომენტარზე, რომელიც მისმა ოფისმა მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა. „საჭიროა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართომასშტაბიანი დისკუსიების გამართვა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რათა საერთო ენა გამოინახოს და სხვადასხვა მოდელები და გადაწყვეტილებები იქნას განხილული“, – განაცხადა დეზირმა. „ჩემი ოფისი მზადაა განაგრძოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები ამ საკითხზე და ექსპერტული რეკომენდაციებით დაეხმაროს“.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ეუთოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებას და ამ თვალსაზრისით აფგან მუხთარლის თემა წამოწია. „მისი გატაცემა ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველო უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს ჟურნალისტებისთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოძიება გამჭირვალედ დაასრულოს“, – განაცხადა დეზირმა.

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში მედიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, გამოხატვის და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ დარღვევებზე მიუთითებს და ეუთოს წინაშე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი/Related

Back to top button