საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება აიკრძალება

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა 8 ივნისს, რომ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმებას მიაღწიეს კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის თანახმადაც უცხოელ მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აიკრძალება „საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების“ მოტივით. 

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია იგივე მიზნით ცალკე კანონპროექტის ინიცირებასაც მოახდენს მანამ, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა.

„გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გავაანალიზეთ ყველა ფაქტორი. მათ შორის ის, თუ რა წვლილი შეაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას ინვესტიციების მოზიდვაში და ეკონომიკურ ზრდაში. რეალურად, ჩვენთვის მთავარია, რომ სწორი ბალანსი გამოიძებნოს ერთ და მეორე ინტერესს შორის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ინტერესია ეკონომიკური ზრდის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ ჭრილში იქნა გააზრებული ეს საკითხი და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ წვლილი მიწის გასხვისების ეკონომიკურ ზრდაში და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში არის ძალიან მცირე, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც გახლდათ ამ გადაწყვეტილების მიღების“, – განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, „ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი – ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახლემწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში, მეორე ინტერესი არის ეკონომიკური ინტერესი“.

„ეკონომიკური ფაქტორი, ეკონომიკური მხარე ამ საკითხის იქნა სათანადოდ სიღრმისეულად გაანალიზებული და მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საყოველთაო განხილვებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. „ჩვენ დავინახეთ, რომ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას ამ საკითხის მიმართ და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1 ივნისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს თხოვნით, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვას აუკრძალავს.

კვირიკაშვილის თქმით, ტექსტი შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“.

„აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს. ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა პრემიერმა.  

ოპოზიციის გამოხმაურება

ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ – გააკრიტიკეს მთავრობის გადაწყვეტილება და ის ადგილობრივი არჩევნების წინ გადადგმულ პოპულისტურ ნაბიჯად შეაფასეს.

აკაკი მინაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ სამუშაო ადგილების შექმნაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ინვესტიციებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.  „ნებისმიერი რეგულირება, რომელზეც დღეს ხელისუფლება საუბრობს, ამას ყველაფერს ხელს შეუშლის და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან გაჭირვებაში. ეს რეგულაცია ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს, კიდევ უფრო ნაკლები შანსი გაუჩნდებათ, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ“, – განაცხადა მან.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების „ერთ-ერთ პოპულისტურ ნაბიჯად“ შეაფასა. „ქართულ მიწას რეალურად ვერავინ ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერსად ვერ წაიღებს. ერთადერთი დატვირთვა, რომ უცხოელებს ქონდეთ გარკვეული უფლებები არის, თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა ევროპული საქართველოდან.

მსგავსი/Related

Back to top button