ახალი ამბები

ნატოს წარმომადგენელი: საქართველო ‘ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე ღირებული პარტნიორია’


ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი , 29 მაისი, 2017. ფოტო: nato.int

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი 29 მაისს საქართველოს სტუმრობდა და თბილისში 26-29 მაისს გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრო.

სესიის ფარგლებში გოტმიოლერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატოში მონტენეგროს მომავალი წევრობა „ნათელი ნიშანია იმისა, რომ ნატოს წევრობის კარი ღია რჩება მათთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, ვინც ალიანსის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს მოკავშირეების კოლექტიურ უსაფრთხოებაში“. მან იქვე დასძინა, რომ მოხარულია, რომ ამ თემას თბილისში გაუსვა ხაზი.

გოტმიოლერმა საქართველოს ნატოს ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე ღირებული პარტნიორი, ასევე ნატოს ავღანეთის მისიაში სამხედრო ძალების ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი უწოდა. საქართველო „გვეხმარება, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ღრმა წარმოდგენა შეგვექმნას“, – განაცხადა მან.

გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, რომელსაც ორი მიზანი აქვს – საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ქვეყნის მომზადება ნატოს წევრობისთვის.

ქვეყნების უფლებაზე საუბრისას, რომ მათ თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ „უნდა ქვეყანას ნატოში გაწევრიანება თუ არა, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული“. „ნატოს არანაირი პოზიცია არ უკავია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უსაფრთხოების სისტემა უნდა აირჩიონ ქვეყნებმა; ის მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების სისტემები. ეს მათი უფლებაა და მათ უფლებად დარჩება“, – დასძინა მან.

გოტმიოლერის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე, ამ უკანასკნელმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, კერძოდ კი უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ნატოს ექსპერტული დახმარება სთხოვა. შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხიც იქნა განხილული.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში საქართველოს პროგრესს, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლერაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კვირიკაშვილმა და გოტმიოლერმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ხელი მოაწერეს ჩრიდილოატლანტიკურ ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ შეთანხმებას.

საქართველოს ვიზიტის ფარგლებში გოტმიოლერი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრა, სადაც მას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button