skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘არცერთ რაიონში, არცერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას’



პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში ქართული ოცნების წინასარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე სიტყვით გამოდის 31 მაისს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ქართული ოცნება 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოიგებს და „არცერთ რაიონში, არცერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას“,  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  31 მაისს.

ოზურგეთში ქართული ოცნების კამპანიის ფარგლებში ღია ცის ქვეშ გამართულ აქციაზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის გარდა სხვა პოლიტიკური ძალის რომელიმე ოლქში გამარჯვება „დამაზიანებელი“ იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მოიგო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა ეს მოგების ციკლი ადგილობრივ არჩევნებზეც უნდა გაგრძელდეს.

პრემიერის განცხადებით, მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თერთმეტ ქალაქში მერი, ხოლო  59 მუნიციპალიტეტში გამგებელი პირველად აირჩევა პირდაპირი წესით. მისი თქმით, ქართული ოცნების მთავრობა არ შეუშინდა პირდაპირი არჩევნების შემოღებას და მერებისა და გამგებლების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დააწესა.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ხმა მისცეთ ჩვენს კანდიდატებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ არჩევნებში გვჭირდება ძალიან სერიოზული გამარჯვება“, – განაცხადა მან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან დამსახურებულად და ძალიან ღირსეულად. ამიტომ აუცილებელი არის თქვენი აქტიურობა“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.

„საქართველოს არცერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ  სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ეს იქნება, პირველ რიგში, დამაზიანებელი იმ რაიონის მოსახლეობისთვის, რომელმაც შეიძლება რომ აირჩიოს სხვა პოლიტიკური ძალის გამგებელი თუ მერი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი მეგობრებო“.

„მე მინდა შეგახსენოთ გასული წელი, რომელიც არის სამაგალითო. ეს ე.წ. ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია, რომელმაც ჩვენ ყველას ერთად დაგვანახა, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის აღნიშნული პროცესი. ეს მუდმივად იქნება ქიშპობის, კინკლაობის და საბოტაჟის მიზეზი. ამიტომ ჩვენ არცერთ რაიონში, არცერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, ვინაიდან ქართული ოცნება დღეს არის უალტერნატივო ძალა და ჩვენ ყველა რაიონში და ყველა ქალაქში აუცილებლად გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

თავის გამოსვლაში მან ასევე განაცხადა, რომ „ყველა ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკა“.

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც არ ეშინია კრიტიკის, რომელიც მზად არის კრიტიკისთვის, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ მოგისმინოთ თქვენ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი რჩევები“, – მიმართა მან შეკრებილებს, „ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენ გვაქვს ამ პრობლემების გადაჭრის რეალური ხედვა“.

„წლების განმავლობაში მთავრობა რეალურად არ ზრუნავდა ხალხზე, არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ  მოქალაქეებს ეგრძნოთ გარკვეული შვება; ყველაფერი გათვლილი იყო მხოლოდ პიარზე, ისინი [წინა ხელისუფლება] აშენებდნენ რეალურად ფასადურ სახელმწიფოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენ ეს მიდგომა აბსოლუტურად შეცვალეთ , მეგობრებო. მაგრამ მინდა გითხრათ ისიც, რომ რა თქმა უნდა ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ვერ გადაწყდება. ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა, 24-საათიანი მუშაობა და გპირდებით, რომ ჩვენ მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. და ჩვენ ძალიან ბევრი რამე მოვახერხეთ ამ მართლაც მოკლე დროში“.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button