skip to content
ახალი ამბები

ქართული პარტია შსს–ის ოპერატიულ მასალას ‘ფალსიფიცირებულს’ უწოდებს

ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალები, სადაც საუბარია პარტიის ერთ–ერთი ლიდერთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კავშირზე, არის "ფალსიფიცირებული“ და "აბსურდი“.

“ის რაც მოისმინეთ, ეს არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი ისტორია და ამაში დარწმუნება არ სჭირდება საზოგადოებას. მე ვნახე "კინოსტუდია შსს–ის“ გემოვნების ბოლომდე დაცლა… ასეთი ტიპის აბსურდი მე დიდი ხანია არ მინახავს და შესაბამისად, რაზეც იქ საუბარია, დაწყებული ყუმბარების ამოთხრით, ირონიას იწვევს“, – განუცხადა 23 ივნისს ჟურნალისტებს ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, ამ საქმეში ფიგურანტებს შორის, მხოლოდ ორი ადამიანია ქართული პარტიის წევრი და მათ შორისაა, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი. 22 ივნისს ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ პოლიციამ დააკავა ლევან ტერაშვილი, რომელსაც სახლში იარაღი "ჩაუდეს“, ასევე მისი ძმა და კიდევ ორი აქტივისტი.

“დანარჩენი ადამიანები მეტ–ნაკლებად უკავშირდებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, ისევე როგორც უკავშირდებოდნენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დაკავებულის აღიარებითი ვიდეო–ჩვენება გამოქვეყნდა, არცერთმა მათგანმა არ აღიარა ბრალი სასამართლოზე, სადაც მათ 23 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

შსს–ს თქმით, ჯგუფს, რომლის 8 წევრიც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით არის დაკავებული, 7 პირი კი მიმალვაშია,  მაისის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ცხინვალის გავლით დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. ოქრუაშვილმა განაცხადა მაისში, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა სააკაშვილის რეჟიმის დასამთავრებლად, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button