Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართულმა პარტიამ 25 მაისს დაგეგმილი ‘მრისხანების’ აქცია გააუქმა

ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა და ასევე მიიღო "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქციის გაუქმების თაობაზე. 

ქართული პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი "არაერთი მცდელობა“ სახალხო კრებისა და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან მომხდარიყო პოზიციების შეჯერება, "სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა“.

"გუშინ ნინო ბურჯანაძემ, სამწუხაროდ, გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას, თავისუფლების მოედანზე გამართავს აქციას. ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძემ ისე სახალხო კრების წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ აქვთ გარკვეული ეჭვები ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით,“– განაცხადა სუბარმა.

“ყოველივე ამის გამო მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ და მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება – ჩვენ გავაუქმეთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია და შესაბამისად სახალხო კრებას და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში,“– აღნიშნა მან.

25 მაისი "მრისხანების დღედ“ ქართულმა პარტიამ 22 მაისს გამოაცხადა, ვიდრე სახალხო კრების აქციას შეუერთდებოდა და მხარდამჭერებს ავლაბრის მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს მობილიზებისაკენ მოუწოდა.  

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა და საქართველოში დაუსწრებლად 11 წელი აქვს მისჯილი, თავად განაცხადა, რომ ის თბილისში აპირებდა დაბრუნებას და რომ 25 მაისი "ამ ხელისუფლების ბოლო დღე“ იქნებოდა.

გუშინ ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა სახალხო კრების გადაწყვეტილება, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მყოფი მომიტინგეები 25 მაისს შუადღისთვის თავისუფლების მოედნისკენ აპირებენ მსვლელობას, რათა ხელისუფლებას 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის ჩატარებაში ხელი შეუშალონ. მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძემ სკეპტიკური დამოკიდებულება დააფიქსირა ოქრუაშვილის მიმართ, მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო კრება ქართულ პარტიასთან კოორდინირებულად მუშაობს.

სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქართული პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის გაუქმების მიუხედავად, პარტიის აქტივისტები თავისუფალი არიან არჩევანში მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა სახალხო კრების აქციაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button