ახალი ამბები

სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერები ‘განსაკუთრებულ ურთიერთობებზე’ შეთანხმდნენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერი თეიმურაზ მამსუროვი 18 სექტემბერს ცხინვალში შეთანხმდნენ შექმნან კომისია, რომელიც შეიმუშავებს ორმხრივ შეთანხმებას ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის “განსაკუთრებული ურთიერთობების” დამყარების თაობაზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ცხინვალს სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის დღის” აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.


კოკოითისა და მამსუროვის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ისწრაფვის შეინარჩუნონ ოსეთის ერთიანობა.


დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ედუარდ კოკოითიმ განაცხადა: ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს მხოლოდ ოსეთის, რუსეთის, ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში. ეს პროცესი უნდა განვითარდეს და მას ხელს ვერაფერი შეუშლის.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალს დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე აღიარება სურს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button